ერთ დროს 5.7 მილიარდ დოლარად შეფასებული Vice Media გაკოტრდა

Vice Media LLC-მა აშშ-ში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანია საკუთარი კრედიტორების ჯგუფზე გაიყიდება.

ბრუკლინში დაფუძნებული კომპანია, რომელიც 2017 წელს 5.7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, შესაძლოა, 225 მილიონ დოლარად გაიყიდოს.

ახალგაზრდებზე ორიენტირებულმა ციფრულმა გამომცემელმა განაცხადა, რომ გაკოტრების პროცესში მუშაობას გააგრძელებს. მან ასევე დასძინა, რომ "ფინანსურად ჯანსაღ და ძლიერ კომპანიად ორ-სამ თვეში გარდაიქმნება".

შეინ სმიტის, გევინ მაკინისა და სუროშ ალვის მიერ 1994 წელს გამოშვებული ჟურნალი სახელწოდებით Voice of Montreal, ამჟამად Vice-ის სახელით აგრძელებს მუშაობას 30-ზე მეტ ქვეყანაში.

ის ერთ დროს კომპანიების ავანგარდში მიიჩნეოდა და აპირებდა დაერღვია ტრადიციული მედიის ლანდშაფტი ახალგაზრდებზე ორიენტირებული კონტენტით, რომელიც ფოკუსირებული იყო ბეჭდურ მედიაზე, ღონისძიებებზე, მუსიკაზე, სატელევიზიო და მხატვრულ ფილმებზე.

Vice-ის კრედიტორებმა დაამტკიცეს 20 მილიონი დოლარის დაფინანსება, რათა მან გაკოტრების პროცესის გავლა შეძლოს. ამ დროის განმავლობაში სხვა ფირმებს შეუძლიათ მედია კომპანიისთვის უკეთესი წინადადებების წარდგენა.

თუ ეს შეთავაზებები წარმატებული არ იქნება, Vice Media-ს კრედიტორები გამომცემელს 225 მილიონ დოლარად შეიძენენ. გაყიდვის პროცესს, სავარაუდოდ, ორი-სამი თვე დასჭირდება.

აღსანიშნია, რომ BuzzFeed-მა, კიდევ ერთმა პიონერულმა ონლაინ პლატფორმამ, ცოტა ხნის წინ ასევე გამოაცხადა, რომ ხურავს თავის საინფორმაციო განყოფილებას და ათავისუფლებს სამუშაო ძალის 15%-ს სერიოზული ფინანსური გამოწვევების და სარეკლამო შემოსავლების შემცირების ფონზე.

კახი ჩაკვეტაძე