ჰოლივუდის სცენარისტების გაფიცვა კალიფორნიას დღეში 30 მლნ დოლარი უჯდება

აშშ-ში ბოლო 15 წლის განმავლობაში სცენარისტების ყველაზე დიდი გაფიცვა კალიფორნიის ეკონომიკას დღეში 30 მლნ დოლარი უჯდება. ინფორმაციას Deadline ამერიკის სცენარისტთა გილდიის (Writers Guild of America-WGA) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაფიცვა სწორედ ამ გილდიის მიერ არის ნებადართული. სცენარისტებმა ბოლოს ასეთი პროტესტი 2007 წელს გამოხატეს, რაც 100 დღე გრძელდებოდა. მაშინდელმა გაფიცვამ შეაჩერა და გადადო რამდენიმე ათეული პროექტი, რამაც ინდუსტრია 2,1 მლრდ დოლარით დააზარალა.

სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე გამოითვალა ახალი ზარალიც, რომელიც WGA-სთვის დამოუკიდებელმა ეკონომიკურმა კვლევითმა ცენტრმა, Milken Institute-მ შეაფასა. კომპანიის მონაცემებით, სცენრასიტების გაფიცვა კალიფორნიას უკვე 400 მლნ დოლარზე მეტი დაუჯდა და თუ ის 100 დღე გაგრძელდა, შტატმა შესაძლოა, 3 მლრდ დოლარი დაკარგოს.

ჰოლივუდის სცენარისტების გაფიცვა 2 მაისს დაიწყო, რომელშიც 10 000-ზე მეტი პროფესიონალი მონაწილეობს. ისინი როგორც კინოს, ასევე, ტელეინდუსტრიასთან თანამშრომლობენ. სცენარისტები უფრო მაღალ ანაზღაურებასა და კონტრაქტების გადახედვას მოითხოვენ, რომ ისინი „ინდუსტრიაში ბოლო წლებში მომხდარ დრამატულ ცვლილებებს შეესაბამებოდეს.“ გაფიცვა მოჰყვა ექვსკვირიან წარუმატებელ მოლაპარაკებებს, რომელიც ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისა და ხელფასების გაზრდის მიზნით ამერიკის სცენარისტთა გილდიასა და Netflix-ს, Amazon-ს, Walt Disney-ს, Paramount-სა და Apple TV-ს შორის მიმდინარეობდა.

პროტესტმა უკვე რამდენიმე საღამოს შოუ, ასევე, რამდენიმე სერიალისა და ფილმის გადაღაება შეაჩერა, მათ შორის არის HBO-ს პროექტი, „The Last of Us,“ Disney+-ის „Andor“ და Netflix-ის „Stranger Things.“

გაფიცვის ფარგლებში, პროფესიონალური საქმიანობა ყველა სცენარისტმა შეწყვიტა, თუმცა მათ პროდიუსერობა ან რეჟისორობა შეუძლიათ, გააგრძელონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ