Bloomberg: ირლანდიური მარეგულირებელი Meta-ს რეკორდულ ჯარიმას დააკისრებს

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია აპირებს, ევროკავშირის კონფიდენციალურობის წესების შეუსრულებლობისთვის, Meta-ს რეკორდული ჯარიმა დააკსიროს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, სოციალურმა ქსელმა არ გაითვალისწინა მარეგულირებლის მიერ ადრე გამოთქმული შეშფოთება, რომ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა, აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო, აშშ-ს სერვერებზე გადაცემის შემდეგ. Bloomberg-ის წყარომ ასევე განაცხადა, რომ კომისია ხელს შეუშლის Meta-ს მომხმარებლის მონაცემების შეერთებულ შტატებში გადაცემას.

ჯარიმის ზუსტი ზომა უცნობია, მაგრამ სააგენტოს წყარო ამბობს, რომ ის გადააჭარბებს იმ რეკორდულ 746 მილიონი ევროს ჯარიმას, რომელიც ასევე მონაცემთა დაცვის წესების დარღვევისთვის, ლუქსემბურგის მარეგულირებელმა Amazon-ს 2021 წლის ივლისში დააკისრა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, თავად განაჩენი გასულ კვირას იქნა მიღებული და უახლოეს დღეებში უნდა გასაჯაროვდეს.

Bloomberg-ი იტყობინება, რომ ჯარიმა მხოლოდ ფეისბუქზე იქნება დაწესებული და არ იმოქმედებს ინსტაგრამზე, რომელიც ანალოგიურად გადასცემს მონაცემებს აშშ-ში. ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ გასაჩივრდება ირლანდიის სასამართლოებში, სადაც არის რეგისტრირებული Meta-ს ევროპული ოფისი და მსოფლიოს ინტერნეტ გიგანტების უმეტესობაც.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში, ირლანდიურმა მარეგულირებელმა Meta 265 მილიონი ევროთი დააჯარიმა, ევროკავშირის კონფიდენციალურობის წესების დარღვევისთვის.

კოკა კვირკველია