რა ღირს წელს სატაცური და როგორია მოთხოვნა - „სატაცურის მიმართ ცნობიერება ძალიან გაიზარდა“

„გაზაფხული იყო ცვალებადი და არახელსაყრელი. შარშანდელთან შედარებით, წელს 50%-ით მეტი მოსავალი უნდა გვქონოდა, მაგრამ ამის გამო მხოლოდ 25-30%-ით მეტი მივიღეთ, რაც მხოლოდ ახალგაზრდა პლანტაციების გაჯანსაღებით და გაძლიერებით იყო გამოწვეული“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სატაცურის მწარმოებელი, კოოპერატივი „რკ ოზაანის“ ხელმძღვანელმა ჯაბა გოგოლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, წელს 1 კგ სატაცურის საბითუმო ფასი 9-10 ლარია, ხოლო სუპერმარკეტებში - 15-17 ლარი.

„ჩემი მოსავლით კმაყოფილი ვარ იმ კუთხით, რომ გაიზარდა თვითონ წარმოება. ახალგაზრდა პლანტაციები მაქვს და მისი პროდუქტიულობა ყოველწლიურად მზარდია ( 2 წლის განმავლობაში კიდევ მოიმატებს), თუმცა, საჰექტარო მაჩვენებლებს თუ ავიღებთ, ზოგადად მოსავლის კუთხით, ცუდი მდგომარეობაა როგორც ჩემთან, ისე სხვა მწარმოებლებთან. იმიტომ, რომ გაზაფხული იყო ცვალებადი და ამ კუთხით არახელსაყრელი. შარშანდელთან შედარებით, წელს 50% -ით მეტი მოსავალი უნდა გვქონოდა, მაგრამ ამის გამო, მხოლოდ 25-30%-ით მეტი მივიღეთ, რაც მხოლოდ ახალგაზრდა პლანტაციების გაჯანსაღებით და გაძლიერებით იყო გამოწვეული.

ამ ეტაპზე პლანტაციები 6 ჰექტარზე გვაქვს, მაგრამ იკრიფება 4-4,5 ჰექტარი. ერთი ჰექტარი შარშან, ერთიც წელს გავაშენეთ და ჯერ კრეფაში არ არის“,- ამბობს ჯაბა გოგოლაშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივს ექსპორტის მიმართულებით შემოთავაზებები აქვს, პროდუქტის გატანას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჯერ არ იგეგმება, რადგან ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაც ვერ ხდება.

„შემოთავაზებები არის, მაგრამ ის რაოდენობა გვაქვს, რომ გვიღირდეს ექსპორტზე გატანა. შემოთავაზებებია რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, შუა აზიიდან, მაგრამ ჯერ ადგილობრივ ბაზარსაც ვერ ვაკმაყოფილებთ.

იქიდან გამომდინარე, რომ სატაცურის მიმართ ცნობიერება ძალიან გაიზარდა, ეს მოთხოვნაზეც დადებითაც აისახა. რაც შეეხება ფასს, საბითუმო ღირებულება 9-10-11 ლარია, საცალო - 12-13 ლარი, მაღაზიებში კი 15-16-17 ლარად იყიდება. გააჩნია მაღაზიას და პროდუქციის ხარისხს“,- აცხადებს ჯაბა გოგოლაშვილი.

ნინი ქეთელაური