ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის სანქციების საკითხი არ განიხილება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის სანქციის გადახედვის საკითხი, შესაძლოა, აპრილის სესიის დღის წესრიგიდან მოიხსნას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განხილვა 2016 წლის იანვრამდე გადაიწევს.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ვოიცეხ სავიცკიმ განუცხადა. მისი თქმით, სესიის გახსნის დღეს, 20 აპრილს ამ საკითხს საპარლამენტო ასამბლეაზე დეპუტატები კენჭს უყრიან. "მხოლოდ დეპუტატები არიან უფლებამოსილნი გადაწყვიტონ, დატოვონ თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში", - აღნიშნა სავიცკიმ.

"დოიჩე ველეს" ასამბლეის სამდივნოში სანდო წყარომ განუცხადა, რომ დარწმუნებით შეუძლია თქმა - რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება მიმდინარე წლის იანვარში ჩამოერთვა, რაც ყირიმში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.