ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანსპორტირება 4 თვეში 6,9%-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარ-აპრილში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მოცულობამ 9 802,4 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,9%-ით მეტია. ინფორმაციას „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ქვეყნის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

იანვარ-აპრილში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიან მოცულობაში ბთჯ-ის მილსადენის წილი 76,4%-ს შეადგენს, ხოლო ბთჯ-ით გადაზიდული მთლიანი ნავთობის 84,8%, ანუ 8,315,8 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნავთობია, რაც წინა წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, 9,4%-ით მეტია.

ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ბთჯ-ით ტრანსპორტირებული ტრანზიტული ნავთობის წილმა მთლიანი მოცულობის 15,2%, ანუ 1 486,6 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ოთხთვიან პერიოდზე 5,6%-ით ნაკლებია.

2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით გადაქაჩულმა ნავთობის მოცულობამ 29 749,6 მლნ ტონა შეადგინა, რაც 12,6%-იანი ზრდა იყო. აქედან 5 103,9 მლნ ტონა სატრანზიტო ნავთობი დაფიქსირდა, რაც წინა წლის მოცულობაზე 41,8%-ით მეტი იყო.

ამჟამად ბთჯ-ის მილსასდენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკის ნავთობი, ხოლო შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატი გადაიქაჩება. მილსადენი, ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ისა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობს ემსახურება.

მილსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.

BTC Co-ს აქციონერები არიან: BP (30,1%), SOCAR (25%), MOL (8,9%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), ENI (5%), Itochu (3,4%), ExxonMobil (2,5%), INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2.36%).

მოამზადა ლადო სულაბერიძემ