ზურაბ აზარაშვილი - ხელფასის ზრდა 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს შეეხო

ხელფასის ზრდა 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს შეეხო, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, ექიმების პროფესიული რეგულირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსახლეობას მომსახურებას მაღალკვალიფიციური ექიმები უწევდეს, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია მათი შრომის პირობებისა და უფლებების დაცვაზე იზრუნოს.

„წელს მინიმალური ანაზღაურების მექანიზმი ექიმებისა და ექთნებისთვის ამოქმედდა. დამსაქმებლისთვის ვალდებულება გაჩნდა, რომ ექიმს ყოველ საათში აუნაზღაუროს არანაკლებ 7 ლარისა, ხოლო ექთანს-არანაკლებ 4,40 ლარისა. ამ რეგულაციით ხელფასის ზრდა 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს შეეხო.

იმისათვის, რომ აღნიშნული ვალდებულება დაცული იქნას, სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური ელექტრონული სისტემის საშუალებით რუტინულად პერსონალისთვის გადახდილი ხელფასის კანონთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.