1-ელ სექტემბრამდე საცხოვრებელი ბინები 10 000 დევნილს დაუკანონდება

1-ელ სექტემბრამდე საცხოვრებელი ბინები 10 000 დევნილს დაუკანონდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, მხოლოდ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ბინა საკუთრებაში 1600 დევნილს გადაეცემა. "შარშან, ოქტომბერში მივიღეთ დადგენილება, რომლის მიხედვითაც 10 თვის ვადაში უნდა მოხდეს პრივატიზება იმ ობიექტების, სადაც დევნილები ცხოვრობენ. მათი უმრავლესობა არის სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა ნაწილს ვყიდულობთ კერძო მესაკუთრეებისგან, ვის საკუთრებაშიც დევნილები ცხოვრობენ. მხოლოდ დღეს, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 1600-მდე ადამიანი მიიღებს ბინას საკუთრებაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაახლოებით 400 ბინაზეა საუბარი. სულ 13 000 ასეთი ბინაა აღრიცხული, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი კი აცხადებს მის მიღებაზე თანხმობას. 1-ელი სექტემბრისთვის 10 ათას დევნილი მიიღებს საკუთრებაში ბინას და ისინი იქნებიან სრულუფებიანი მესაკუთრეები", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.