მიხაილ ხოდორკოვსკის კომპანია თბილისში სავაჭრო ცენტრს აშენებს

2011 წელს მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის კუთვნილმა კომპანიამ  თბილისში, საბურთალოზე 4 ჰექტარი მიწა შეიძინა.

რუსული ნავთობკომპანია ”იუკოსის” ყოფილი მფლობელების - მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის კუთვნილი კომპანია Quadrum Global თბილისში სავაჭრო-გასართობ ცენტრს Eastpoint Shopping Center აშენებს.

”ფორბსის” რუსული გამოცემის ინფორმაციით, Quadrum Global-ის აქტივები 2 მილიარდ დოლარს შეადგენს, კომპანიის მფლობელობაშია ასევე უძრავი ქონება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ვიეტნამში, უკრაინასა და საქართველოში.

არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე სავაჭრო-გასართობი Eastpoint Shopping Center-ის ფართბი 65 ათასი კვ. მეტრი იქნება.

”ფორბსის” რუსული გამოცემის ცნობით, გარდა ამისა, 2011 წელს მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის კუთვნილმა კომპანიამ  თბილისში, საბურთალოზე 4 ჰექტარი მიწა შეიძინა.

” Quadrum Global ამ ტერიტორიაზე 150 ათასი კვ. მეტრი საცხოვრებელი კომპლექსის Tbilisi Garden-ის აშენებას გეგმავს. Colliers International-ის მონაცემებით, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 30 მილიონ დოლარად არის შეფასებული”, - ნათქვამია ”ფორბსის” სტატიაში.

კომპანია ”იუკოსის” მფლობელი მიხაილ ხოდორკოვსკი 2003 წელს დააკავეს, სასამართლომ მას თაღლითობისთვის, ქონების მითვისებასა და გადასახადების დამალვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2010 წელს ხოდორკოვსკი და მისი პარტნიორი, პლატონ ლებედევი მეორედ გაასამართლეს და სხვისი ქონების მითვისებისთვის სასჯელი 14 წლამდე გაუზარდეს. ხოდორკოვსკის საქმემ კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა დასავლეთის მხრიდან, ხოდორკოვსკის პუტინის პირადი პატიმარიც უწოდეს. საერთაშორისო ამნისტიამ ხოდორკოვსკი და ლებედევი სინდისის პატიმრებად აღიარა.

ვლადიმირ პუტინმა მიხაილ ხოდორკოვსკი 2013 წლის დეკმებერში შეიწყალა.