გოგი თოფაძე: ეკონომიკა ორ წელიწადში არ შენდება

”დაღესტნელ და გერმანელ ბიზნესმენებს შევხვდი, რომლებსაც საქართველოში ფულის ჩადების სურვილი აქვთ”- ამის შესახებ ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” საუბრისას განაცხადა. თოფაძემ კომენტარი საკუთარი პროდუქციის ზრდის მაჩვენებელზეც გააკეთა.

- ქვეყნის საგარეო კურსზე თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებების გამო, "ყაზბეგის" პროდუქციას საზოგადოების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. მსგავს დამოკიდებულებაზე რეაქცია არ გაქვთ ხოლმე?

- დიდი ხანია "ყაზბეგის" წინააღმდეგ იბრძვიან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო პერიოდში გაყიდვების მაჩვენებელმა განსაკუთრებით მოიმატა, ციფრები რომ გაჩვენოთ, გაგიკვირდებათ. "ყაზბეგს" ვერაფერს დააკლებენ... ზოგადად, დღეს ბიზნესმენს საქმის კეთების მეტი შესაძლებლობა მიეცა. ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენელს, რომლებიც რეალობას არაობიექტურად აშუქებენ, ვეპატიჟებოდი, ახალშექმნილი საწარმოები ერთად დავათვალიეროთ-მეთქი. მე და ზურა ტყემალაძემ მოვიარეთ მთელი საქართველო და უამრავი გაკეთებული საქმე საკუთარი თვალით ვნახე. სოფელმა ამოისუნთქა, საქართველოდან წასულები სამშობლოში ბრუნდებიან.

- ციფრები და სტატისტიკა განსხვავებულ პროცესზე მიანიშნებენ, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა ლარის გაუფასურებაც. "ევრონიუსზეც" მომზადდა სიუჟეტი, რომ ქართულ ეკონომიკაში სტაგნაციაა.

- დოლარის გამყარება გლობალური პროცესია. საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში სტაგნაციაა, ნახეთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებსა და ევროპულ სახელმწიფოებში. ევროც დოლარს თითქმის გაუტოლდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ეკონომიკა მაინც წინ მიდის...

ბიზნესმენს არავინ აყაჩაღებს, რაც ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი სტიმულია. ინვესტორების რაოდენობაც მატულობს, რომელთაც პირადადაც ვხვდები. მაგალითად, დაღესტნელ და გერმანელ ბიზნესმენებს შევხვდი, რომლებსაც საქართველოში ფულის ჩადების სურვილი აქვთ. ეს დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ეკონომიკა ორ წელიწადში არ შენდება, ამას რუტინული შრომა სჭირდება, ამ მიმართულებით ხელისუფლების გეგმებზე ვიცი და დარწმუნებული ვარ, წინსვლას მალე თითოეული მოსახლე იგრძნობს. ერთი ქვეყანა მითხარით, სადაც მოსახლეობა საკუთარი ხელისუფლებით კმაყოფილია, ობამასა და მერკელსაც ლანძღავენ და ეს ბუნებრივი პროცესია. ერთბაშად ყველას სურვილის დაკმაყოფილება რთულია...