Nike თანამშრომლების არასწორი კლასიფიკაციისთვის, შესაძლოა, $530 მილიონით დაჯარიმდეს

The Guardian-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, Nike, შესაძლოა, ასობით თანამშრომლის არასწორი კლასიფიკაციის გამო 530 მილიონ დოლარზე მეტით დაჯარიმდეს.

სპორტული საქონლის კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 79,000-ზე მეტი ადამიანი მთელი მსოფლიოდან და, ისევე როგორც ბევრი მსხვილი კორპორაცია, ეყრდნობა დამოუკიდებელი კონტრაქტორების მთელ არმიას სამუშაოს უმეტესი ნაწილის შესასრულებლად, მათ შორისაა ბიზნეს კონსულტაცია, ფოტოგრაფია, ღონისძიებების დაგეგმვა თუ სხვა.

კომპანიისთვის შედგენილი და Guardian-ისთვის გადაცემული დამოუკიდებელი ანგარიშების თანახმად, Nike-ის მენეჯმენტის მიერ დამოუკიდებელ კონტრაქტორებთან ურთიერთობა აჩენს საფიუძველს საგადასახადო ორგანოების მხრიდან პოტენციურად დიდი ჯარიმებისთვის და სარჩელების მიღებისთვის.

კომპანიაში ამ საკითხთან დაკავშირებულ ზარებსა და წერილებს კომენტარისთვის არ პასუხობენ.

საქმე ისაა, რომ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს აქვთ მკაცრი წესები დამოუკიდებელ კონტრაქტორებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავს მუშების უფლებების დაცვას და გადასახადების სამართლიანი შეგროვების უზრუნველყოფას. ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ წელს მიუთითა, რომ აპირებს ზომების გამკაცრებას იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც წესებს არღვევენ.

კომპანიებს შეიძლება დაეკისროთ პასუხისმგებლობა შვებულების ანაზღაურებაზე, ავადმყოფობის შეღავათებზე და საპენსიო შენატანებზე, თუ ისინი მუშების არასწორ კლასიფიკაციას მოახდენენ და დოკუმენტებში მომუშავეებს შტატგარეშედ შეიყვანენ, მაშინ როდესაც ისინი თანამშრომლების სტატუსით უნდა სარგებლობდნენ. მკაცრი ჯარიმებია დაწესებული იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ წესებს არღვევენ.

კახი ჩაკვეტაძე