TRACECA ევროპიდან ცენტრალურ აზიაში საპილოტე გადაზიდვებს ავტოტრანსპორტით გეგმავს

TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნო, ევროპიდან ტვირთების მიზიდვის მიზნით, ევროპა-კავკასია-აზიის მარშრუტებზე ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებით საპილოტე გადაზიდვებს დაიწყებს. ამის შესახებ სააგენტო Trend-ს TRACECA-ს სამდივნოს პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ცენტრალური აზიის ქვეყნებში TRACECA მარშრუტების გასწვრივ საქონლის გაგზავნის ინტერესს ევროკავშირის ქვეყნების გადამზიდავები სულ უფრო მეტად გამოხატავენ. ამის გათვალისწინებით მუდმივმოქმედმა სამდივნომ ასეთი ტრანსპორტირების შესრულების მოკლე ანგარიში და შეთანხმების პროექტი მოამზადა.

„ქვეყნების გასაცნობად საპილოტე გადაზიდვების შესრულება არის მიზანშეწონილი. უნდა შემოწმდეს ამ ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობები და აუცილებელია, ამის შესახებ, პირველ რიგში, ქვეყნების პოზიციები მოვისმინოთ,“ - აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ასეტ ასავბაევი.

მისი თქმით, საჭიროა, ასევე, ყურადღება გამახვილდეს საკანონმდებლო რეგულირების საკითხებზე და ნახევრადმისაბმელიანი ავტომანქანებით საქონლის ტრანსპორტირების პრაქტიკულ შესაძლებლობებზე, რომლებიც სხვა ქვეყანაში არიან რეგისტრირებული. ამასთან, ტვირთის საპილოტე გადაზიდვების დასაწყებად მზადყოფნა სახელმწიფო ორგანოებმა და დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა გამოთქვან.

TRACECA-ში აცხადებენ, რომ საპილოტე ტრანსპორტირების დასაწყებად „აუცილებელია, შეთანხმებული იყოს საბორნე მომსახურების ღირებულება და გემების გადაადგილების გრაფიკი, ასევე, საზღვრის გადაკვეთის პროცედურები, სასაზღვრო პუნქტების ჩათვლით. უნდა განისაზღვროს მოსაკრებლები და გადასახადები, ნახევრადმისაბმელის სადაზღვევო მოთხოვნები და პირობები. უნდა მომზადდეს ნახევრადმისაბმელისთვის TIR განაცხადი და ტრანსპორტირებისთვის საჭირო ორმხრივი ნებართვები.“ გენმდივანი ამბობს, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ