როგორია "ყვარლის ტბის" მფლობელი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა

სასტუმრო ,,ყვარელი ლეიკ რეზორთი" ორიოდ დღის წინ სანქცირებულ რუს სტუმრებს მასპინძლობდა, რომელთა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებიც იყვნენ. ჯერ რუსეთიდან პირველი პირდაპირი ავიარეისის შესრულებას, შემდეგ კი ამ ამბავს ქვეყანაში პროტესტი და აქციები მოჰყვა.

როგორც საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, სასტუმრო "ყვარელი ლეიკ რეზორთი", შპს "ყვარელი პალასის" საკუთრებაა. თავის მხრივ, "ყვარელი პალასის" 100%-ს, 2009 წელს რეგისტრირებული შპს "აგროგანვითრება" ფლობს, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიზნესმენი არჩილ გეგენავა და მის ძმა არიან.

წილები ასე ნაწილდება: არჩილ გეგენავა - 37.8%; 23-23% ეკუთვნით ივანე ნიკოლაიშვილს და გიორგი ჩუბინიშვილს; 16.15% კი, ანდრო გეგენავას საკუთრებაა.

რაც შეეხება კომპანიის შემოსავლებს, ფინანსური ანგარიშგებების პორტალ Reportal-დან ვიგებთ, რომ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ყვარელი პალასის“ აქტივები სულ 14.5 მილიონ ლარს შეადგენს.

კომპანიის ანგარიშგების თანახმად, სულ სემოსავალი 2.7 მილიონი ლარია და წინა წლის 1.7 მილიონ ლართან შედარებით თითქმის ერთი მილიონითაა გაზრდილი. წინა წელთან შედარებით გამორმაგებულია მოგებაც და 2021 წლისთვის 1.1 მილიონ ლარს აღწევს.

კახი ჩაკვეტაძე