ბანკირობა როგორ უნდა მოგენატროს პატიოსან კაცს?! - ლაშა პაპაშვილი

მე არასოდეს არ მიჭირს პროფესიონალ კადრებში, ყველას ვეუბნები - არ ეძებთ კარგად, თორემ მე არასოდეს არ მიჭირს კადრების მოძიება - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „შენობით ბიზნესთან“ განაცხადა.

როგორ იშოვა პირველი მილიონი? ენატრება თუ არა ბანკირობა? შესაძლებელი იყო თუ არა „სისეტე ჟენერალის“ საქართველოში დარჩენა? ამ და სხვა კითხვებთან დაკავშირებით პაპაშვილმა „შენობით ბიზნესთან“ ისაუბრა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ გადაცემას მცირედი შემოკლებით.

დადგა ჩვენს ეკონომიკაში რენესანსის ხანა და გამოიკვეთა თუ არა ვინ არის ჩვენი ეკონომიკის მიქელანჯელო?

რენესანსისკენ მივდივართ და მიქელანჯელო არის ისევ ბიზნესმენი, ბიზნესმენები.

ყოველთვის არსებობდა 90-იანებიდან მოყოლებული დღემდე გარკვეული სტერეოტიპი, რომ ბიზნესს ერთიდაიგივე სახეები აკეთებენ, დღეს რამდენად დივერსიფიცირდა გარემო და დღეს რამდენად გახსნილია ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის სამეწარმეო ველი?

მე ვფიქრობ, ძალიან კარგი ფონია, დიდიხანია საკანონმდებლო ბაზა ძალიან კარგი გვაქვს ქვეყანაში, პოლიტ-ეკონომიკური ფონიც ბოლო ორი წლის განმავლობაში არის უკეთესი.

დღევანდელი გარემო და დღევანდელი ინდიკატორები, ბიზნესისადმი მიდგომები, მათ შორის იგივე საგადასახადო კოდექსი და მთელი რიგი პარამეტრები, რამდენად არის მოწოდების სიმაღლეზე?

მე სულ მადლობას ვუხდი ლაშა ხუციშვილს, იმიტომ, რომ ცოცხალი საგადასახადო ინსპექტორი არ მინახავს 10-15 წელია და ეს უკვე დიდი მიღწევაა. სხვათაშორის აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს ჯერ კიდევ სანატრელია, ესეთი ლოიალობა და ესეთი პროფესიონალიზმი.

რა არის იმისთვის საჭირო, შენი აზრით, რომ ჰეჩ-ფონდები შემოვიდნენ ქვეყანაში?

არიან ბავშვები, ახალგაზრდები, ვინც ასეთ ფულს უკვე იზიდავენ ქვეყანაში, დაიძრა სტარტაპები და რენესანსისკენ სვლას ესეც აჩვენებს.

სტარტაპების მიმართულებით ნამდვილად არის ძვრა, მაგრამ ჯამში ალბათ უფრო მეტი გლობალური მოთამაშე უნდა შევქმნათ ბაზარზე...

როდესაც მსოფლიოს ასეთი მოთამაშეები უჭირს და კაპიტალი გაძვირდა ძალიან, მაშინ რთულია ამაზე აქცენტი, თორემ ჩვენ ახლა ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ ამ ქვეყანაში მოვიდეს ამგვარი ფული. პრობლემა უბრალოდ არის ომი.

საბანკო სექტორს რაც შეეხება, შენი ბექრაუნდიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შეიძლება გაკეთებულიყო იმისთვის რომ „სოსიეტე ჟენერალი“ დარჩენილიყო ქართულ ბაზარზე?

მათი გასვლა მიბმული იყო გეოპოლიტიკურ პრობლემებზე, მაგრამ ქვეყანასაც შეეძლო უფრო მეტი ყურადღება მიექცია ამისთვის და როგორმე შეენარჩუნებინა ესეთი ძლიერი მოთამაშე. ასეთი ინვესტორი ძალიან სენსიტიურია. იყო მათი დაჯარიმებაც წინა მთავრობის დროს, ასევე ძალიან იმოქმედა ომმა რუსეთთან, ესეც ერთ-ერთი პროვოცირება იყო.

რა არ გაკეთდა იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო?

სამწუხაროდ, დღემდე იმ ფაქიზ დამოკიდებულებას ინვესტორისადმი, ვერცერთმა მთავრობამ ვერ აუღო ალღო. ძალიან ფაქიზია ეს თემა.

შენი აზრით, როგორც ქვეყანა უნდა გავძვირდეთ?

რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ვაკეში ბინა 1 კვ.მ ღირდეს 1000 დოლარი, როცა სხვა ქვეყნები 5,7,10, 20-ზე არიან ასულები. შეიძლება ყველა ქართველი არ არის მდიდარი, მაგრამ რაღაც აქტივი გვაქვს ამ ქვეყანაში. მე მინდა, რომ ჩემი სოფლის სახლი გაძვირდეს, ახლა არ ფასობს იმიტომ, რომ სოფლებში წყალი არ არის, მოვლილი ეკოლოგია არ არის, ვიღაცას შეუძლია მოთხაროს მთა და ააშენოს რაღაც რესტორანი.

ამის გაცილებით მეტი მონიტორინგი და რეგულაციაა საჭირო, მაგრამ გაძვირება ერთია ინვენტარის და უძრავი ქონების და მეორეა თვითონ ადამიანური შრომის. მე მგონია, რომ დღეს ქვეყანაში პროფესიონალი კადრების დეფიციტიც იმიტომ არის, რომ ქვეყანა თავის თავს სათანადოდ არ აპოზიციონირებს და მინდა გკითხო ქვეყანას რამდენად აქვს კარგად გათვითცნობიერებული. თუნდაც მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტზე რომ გავაკეთოთ აქცენტირება, ეს როგორც ტურიზმის ნაწილში, ისე ინვესტიციის ნაწილში, ამას რამდენად კარგად ვხედავთ?

მე მგონი ვერ ვხედავთ კარგად, ძალიან საფრთხილო და ფაქიზი თემაა, იმიტომ, რომ რაღაცეები არ გადავაყოლოთ ამ ჩვენს სწრაფვას. ეს არის ჯაჭვი, რომელშიც ყველა რგოლს უნდა მიექცეს ყურადღება. იმიტომ, რომ ვიღაცისთვის შეიძლება კარგი იყო, მაგრამ ჩვენ გვყავს ასევე სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოქალაქეები და დაბალშემოსავლიანების, ეს თანაბრად უნდა განვითარდეს, მათი შემოსავლები როგორ აიწევა მაგაზეა საზრუნავი უპირველესად.

ლაშა, გიჭირს პროფესიონალი კადრების მოძიება ბაზარზე?

მე არასოდეს არ მიჭირს პროფესიონალ კადრებში, ყველას ვეუბნები - არ ეძებთ კარგად, თორემ მე არასოდეს არ მიჭირს კადრების მოძიება. მე იქიდანაც ჩამომიყვანია აქეთ კადრი და ჩემებიც ბევრი წასულან, უკვე დაფრთიანებული და გამდიდრებული.

პროფესიონალი კადრების დეფიციტი დღეს ბაზარზე რამდენად აფერხებს ინვესტიციების მოზიდვას, იმიტომ, რომ არაერთი ინვესტორი დამდგარა ამ მოცემულობის წინაშე?

პროფესიონალზე არ არის აქ საუბარი, პროფესიონალი თუ გჭირდება, შეგიძლია გარედანაც მოიყვან. ზოგადი პროფესიული განათლება - ეს არის ყბადაღებული თემა ბოლოწლებია და ვერაფრით ვერ მოვაგვარეთ ეს. მთავარი პრობლემაა, რომ საშუალო ფენა არ არის, არ გვყავს კარგი შემდუღებელი, არ არის ყველა მიმართულების ინჟინერი. მარტო ჩვენთან არ არის ეს პრობლემა, ევროპაც შეშინებულია ამ კუთხით და კარს აღებენ ყველასთვის, ოღონდ შემოვიდეს მუშა-ხელი, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ ამაზე და ჩვენ უნდა გადავამზადოთ ახალგაზრდები და ასევე ჩვენც უნდა გავაღოთ კარი საბოლოოოდ, აბა რას ვიზამთ?!

მოდი ეხლა გადავიდეთ სასტუმროების მიმართულებაზე. „ჰილტონ გარდენინგზე“ მინდა გკითხო, პოსტ-პანდემიური პერიოდი ავიღოთ, როგორ გაუძლო გლობალურმა ბრენდმა ამ პერიოდს და დღეს რა სურათია შენი პრიზმიდან გამომდინარე სასტუმროების ინდუსტრიაში?

პოსტ-პანდემიურს თუ ვიტყვით კარგი ტრენდია, აღმავალია, კოვიდის დროს ვერ გავიხსენით, ჩვენ გავიხსენით 2021 წლის ოქტომბერში, პირველი წელი გვქონდა და ჩვენი დატვირთულობის მაჩვენებელი იყო 45%, წელს დავისახეთ 60% და საბედნიეროდ, პირველი კვარტალი შესრულდა.

ლაშა, როგორ იშოვე პირველი მილიონი?

პირველი მილიონი იყო 90-იანი წლების დასაწყისი, მაშინ მოდაში იყო ქართული პროდუქტები საბჭოთა კავშირში და ვაწვდიდით პირველადი მოხმარების პროდუქტებს; სასმელი, დაფნა, ციტრუსები, თხილი... სწორედ ასეთი გავაკეთეთ კახეთიდან, ნაფარეულის ქარხანა იყო მაშინ და გავაგზავნეთ რუსეთის მიმართულებით 4 თუ 5 სატვირთო ვაგონი. მერე იყო იქედან-აქეთ ბარტერული მოძრაობები, შემოგვქონდა იქედან ძვირად ღირებული ნედლეული და ვყიდიდით დასავლეთში. ამ დროს მოვიდა პირველი მილიონიც და მერე მომიწია რამოდენიმე წელი რუსეთზე მუშაობა.

ბანკირობა გენატრება?

ბანკირობა როგორ უნდა მოგენატროს პატიოსან კაცს?!

ბანკირები რატომ არ უყვართ არცერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით საქართველოში?

იმიტომ, რომ გიწევს ფათური ადამიანის ბედში ყოველდღიურად, მის შემოსავლებს დასდევ და ვის უყვარს უარის ხდა?!

გადავიდეთ „რედიქს ჯგუფის“ მიმდინარე პროექტებზე, გეგმებზე, ძირითადად მიმართულებები მაინტერესებს, რა გამოწვევების წინაშე დგახარ?

ყველაზე დიდი გამოწვევა სასტუმრო ბიზნესში გვაქვს ამ წუთას და ვფიქრობ, ქვეყნისთვის არის იგივე გამოწვევა ანუ როგორ გავიყვანოთ მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი აბასთუმანი

რა მოცულობის ინვესტია გაქვს უკვე განხორციელებული ამ მიმართულებით?

25 მილიონი ლარი.

რას ფიქრობ როგორ უნდა მოხდეს აბასთუმნის დაპოზიციონირება გლობალურ ბაზარზე?

ქვეყანასთან ერთად, მაგრამ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამის პიარი და ვმუშაობთ ინდივიდუალურად. საკურორტო მიმართულება იქაც ნიშაა მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში. ამის კონკრეტული ქვეყნებია, მთელ მსოფლიოში არ არის ასე და ჩვენ ძალიან დიდი შანსი გვაქვს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობები, პარამეტრები, ამ ქვეყნის მთით, სიმწვანით და ყველაფრით. თან ყველაზე ძვირიანი სეგმენტია. ეს არის სამედიცინო ტურიზმი, გამაჯანსაღებელი ტურიზმი და ეს უნდა გამოვიყენოთ და ამ კუთხით განვავითაროთ აბასთუმანი.

და სწორედ ამ მიმართულებით უნდა გავძვირდეთ...

კი, ეს იქნება ფანტასტიური ქვეყნისთვის, თუ ამ მიმართულებით გავძვირდებით, ყველაზე სუფთა და უმტკივნეულო შემოსავლები არის ეს, როცა არ გჭირდება დაანგრიო, ან რაღაც ქიმიური კომბინატები აშენო. ქვეყანას ასე ინარჩუნებ, ბუნებასაც მეტად მოვუვლით. მთავარია არ ავურიოთ ერთმანეთში ურბანული განვითარება, ინდუსტრია და სოფლის მეურნეობა.

მოამზადა ნინა ჯალიაშვილმა