პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის მეორე შვილი ბუკმეიკერებს 500 ათასი ფუნტი დაუჯდებათ

ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველაზე მეტი ფსონი კეთდება იმაზე, რომ პრინც უილიამსა და მის მეუღლე ქეითს გოგონა შეეძინებათ

დიდ ბრიტანეთში ბუკმეიკერებს 500 ათასი ფუნტის გაღება მოუწევთ იმის სანაცვლოდ, თუ კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი 21 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით იმშობიარებს, გოგონას შეეძინება და მას ელისს დაარქმევს.

ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველაზე მეტი ფსონი კეთდება იმაზე, რომ პრინც უილიამსა და მის მეუღლე ქეითს გოგონა შეეძინებათ და მას ელისს დაარქმევენ. სახელებთან დაკავშირებით, ელისის შემდეგ ფსონები იდება ელიზაბეთზე, რომელსაც მოსდევს შარლოტა, ვიქტორია და დიანა.

"ტელეგრაფის" ცნობით, ნაკლები პოპულარობით იდება ფსონები იმაზე, რომ პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ვაჟი შეეძინებათ. თუმცა, ტოტალიზატორში მოთამაშეთა ვარაუდით, თუ ბიჭი დაიბადება, მას არტურს ან ჯეიმსს უწოდებენ.

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა 2014 წლის სექტემბერში განაცხადეს, რომ მეორე ბავშვს ელოდებიან. პირველი შვილი წყვილს 2013 წლის 22 ივლისს შეეძინათ. ბრიტანელი ბუკმეიკერების ვარაუდი მაშინ გამართლდა და ახალდაბადებულს ჯორჯ ალექსანდერ ლუი დაარქვეს.