ახალი ID ბარათები ორი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა

ორი თვის განმავლობაში ახალი ID ბარათები უფასოდ გაიცემა.

აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით, დღეს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ტაბიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. როგორც ბრიფინგზე ითქვა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით ახალი ტიპის პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა მათთვის, ვინც არის 16 წლის ან მეტის და არასოდეს აუღია ეს დოკუმენტი.

ხეცურიანმა და ტაბიძემ საუბრისას აღნიშნეს, რომ "მოქალაქეთა გაბარათიანება ხელს უწყობს მონაცემთა ბაზის დახვეწას და საარჩევნო სიების სრულყოფას".  ამასთან, როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლების ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

აქციის ფარგლებში, მოქალაქე გათავისუფლდება პირადობის მოწმობის, ფოტოსურათის გადაღებისა და ბანკის მოსაკრებლის საფასურისგან. დაკარგული ან დაზიანებული მოწმობის ნაცვლად ახალი პირადობის მოწმობა უფასოდ არ გაიცემა. ასევე, იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დღემდე ახალი პირადობის მოწმობა 1 500 000 მოქალაქეს აქვს აღებული. როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, ასეთი აქციებით ათასობით მოქალაქე სარგებლობს.