Apple-ს საბაზრო კაპიტალიზაცია, შესაძლოა, კვლავ გადასცდეს 3 ტრილიონ დოლარს

ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის აღმასვლამ მიმდინარე წელს კომპანია ისტორიულ ზღვართან, 3 ტრილიონ დოლარიან საბაზო კაპიტალიზაციასთან მიაახლოვა.

გამოცემა Bloomberg წერს, რომ მხოლოდ ამ წელს აქციების ღირებულება 35%-ითაა გაზრდილი, რამაც საბაზრო კაპიტალიზაციას 690 მილიონი დოლარის ღირებულება შემატა. ინვესტორებს კომპანიის სტაბილური შემოსავლები და თანხის მასიური შემოდინება ხიბლავთ.

Apple და სხვა ტექნოლოგიური კომპანიები ამ წელს ბაზარზე გამორჩეულები იყვნენ, რადგან ინვესტორები პოტენციური რეცესიის, ბანკების წარუმატებლობისა და აშშ-ის ვალით გამოწვეული რისკების თავიდან აცილებისას ყველაზე მასშტაბური კომპანიებისკენ მიისწრაფოდნენ.

თუმცა ამგვარმა შედეგებმა Apple-ის ირგვლივ დებატები გამოიწვია. ტექნოლოგიური კომპანიისთვის, რომლის შემოსავლის შემცირებაა წელს მოსალოდნელი, აქციების ფასი მეტად მაღალია.

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის კაპიტალიზაცია 2022 წლის დასაწყისში 3 ტრილიონ დოლარზე მცირე ხნით ავიდა, მან ეს ტრენდი ვერ შეინარჩუნა და დაღმასვლა დაიწყო, რამაც გამოიწვია 27%-იანი ვარდნა იმავე წელს, რადგან ინვესტორებმა მზარდი საპროცენტო განაკვეთების ფონზე ტექნოლოგიურ კომპანიებში აქციები შეამცირეს.

ამჟამად, 2.76 ტრილიონი დოლარით, Apple აღემატება Russell 2000-ის მთელ ინდექსს. თუკი კომპანია 3 ტრილიონიან ნიშნულს კვლავ გადასცდება, ის იქნება პირველი კომპანია, რომელმაც ამგვარი რამ შეძლო.

კახი ჩაკვეტაძე