სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი საწარმოების დასათვალიერებლად მედიატური დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი საწარმოების დასათვალიერებლად მედიატური კახეთიდან დაიწყო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  19-20 აპრილს უწყებამ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, განხორციელებული პროექტების ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმოების მოსანახულებლად კახეთის რეგიონში მედიატური გამართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჟურნალისტებმა კახეთში დაფინანსებული 42 ახალი საწარმოდან, ლოტოტრონის პრინციპით, თავად შეარჩიეს მოსანახულებელი საწარმოები.

"დღეს გვინდა აქ შეკრებილ ჟურნალისტებს ექსკლუზიურად მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 105-ის ნაცვლად, ჩვენს მიერ აგრარულ სექტორში უკვე დაფინანსებულია 119 ბიზნესი. დაპირებისამებრ დღეს ვიწყებთ მედიატურს. პირველი რეგიონი გახლავთ კახეთი, სადაც 36-ის ნაცვლად, უკვე 42 საწარმოს ნახვის საშუალება მოგვეცა. ლოტოტრონის პრინციპით შევარჩიეთ 8 საწარმო. დარწმუნებული ვარ, თითოეულ საწარმოსთან მიმართებაში დიდი ინტერესი იქნება. ძალიან გაგვიმართლა, რომ სხვადასხვა მიმართულების საწარმოების დათვალიერებას შევძლებთ. ლოტოტრონის პრინციპით შერჩევიდან გამომდინარე, ალბათობა დიდი იყო, რომ ერთი მიმართულების საწარმოები გვენახა. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადობას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია, თუ როგორი საწარმოები შეიქმნა სახელმწიფოს ხელშეწყობით", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში მდებარე შპს "ნინოწმინდა 1" დაათვალიერეს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემული 250 000 აშშ დოლარის სესხით მეფრინველეობის ფერმა აშენდა. ფერმა თვეში 150 000 ცალ კვერცხს აწარმოებს, ხოლო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. ამჟამად საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული, თუმცა საწარმო ფართოვდება და შესაბამისად, 20 ადამიანის დასაქმება იგეგმება.  ჟურნალისტები გურჯაანში შპს "ქართული ხილის" კომპანიაშიც იმყოფებოდნენ. ეს არის ხილის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც წლიურად 200 ტონა მარცვლეულის შენახვაც არის შესაძლებელი. გადამამუშავებელ საწარმოში პირველად ელოდებიან ატმის სეზონს, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება და სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება.

მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ყვარელში შპს "შალოშვილის მარანი" და გურჯაანში, სოფელ ველისციხეში შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მოინახულეს. შალოშვილის მარანი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული 200 000 აშშ დოლარის კრედიტით დაფინანსდა, რითაც ქარხანამ გადამამუშავებელი დანადგარები - ღვინის გამაციებელი დანადგარი, ცისტერნა, ღვინის ფილტრაციის სისტემა შეიძინა. ამჟამად ქარხანაში დასაქმებულია 12 ადამიანი, ხოლო სეზონზე დასაქმებულთა რაოდენობა 65-მდე იზრდება. წელიწადში 100-120 ტონა ღვინის წარმოება და რუსეთში ექსპორტი იგეგმება. რაც შეეხება შპს "კახურ ტრადიციულ მეღვინეობას", შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში აღებული 600 000 აშშ დოლარის დახმარებით აშენდა ღვინის საწარმო, რომელიც წელიწადში 4500 ტონა ღვინოს აწარმოებს. საწარმოში 40 ადამიანია დასაქმებული. პროდუქცია ექსპორტზე 15 ქვეყანაში გადის.

მედიატურის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კახეთში დაფინანსებული 42 ახალი საწარმოს ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა სასტუმრო "როიალ ბატონში" გაიმართა, რომელსაც მედიატურის მონაწილე ჟურნალისტები დაესწრნენ.

ჟურნალისტებს დაფინანსებული ახალი საწარმოების შესახებ დეტალური ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მეწარმეებმა აღნიშნეს, რომ კრედიტის აღების პროცესში არანაირი პრობლემა არ შექმნიათ და ასეთი ხელშეწყობა მთავრობისგან ადრე არასდროს მიუღიათ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროწარმოების განვითარების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, არაერთი პროექტი (შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, გადამამუშავებლი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, პროგრამა "აწარმოე საქართველოში") ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსებულია 119 ახალი საწარმო, ჯამში, განხორციელებული ინვესტიცია 100 მილიონ 800 ათას აშშ დოლარს, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა, დაახლოებით, 3700-ს შეადგენს. გაფართოვდა 600-ზე მეტი საწარმო და საერთო ჯამში შექმნილია 10 ათასამდე სამუშაო ადგილი.

რაც შეეხება კახეთის რეგიონს, დაფინანსებულია 42 ახალი საწარმო, დასაქმდა 1025 ადამიანი, განხორციელდა 39 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია. დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი: 16 ღვინის წარმოება, 7 მესაქონლეობა, 7 სასაწყობო მეურნეობა, 3 მეფრინველეობა, 2 ცხვრის მოშენება, 2 ხილის გადამუშავება, 1 მეღორეობა, 1 ცხოველის საკვების წარმოება, 1 მუხის კასრების წარმოება და 1 სასათბურე მეურნეობა.

მედიატურში ჟურნალისტებთან ერთად მონაწილეობენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნოდარ კერესელიძე და ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მენეჯერი ირაკლი მოისწრაფიშვილი.