რუსეთმა დასავლეთს საბანკო სანქციები დაუწესა

რუსული მედიის ცნობით, ე.წ. შავ სიაში 40-ზე მეტი ქვეყანა მოხვდა

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის (როსფინმონიტორინგი) განკარგულებით, რუსული ბანკები ვალდებული არიან, უწყებას იმ ფიზიკური და იურიდიული კლიენტების ოპერაციების შესახებ აცნობონ, რომლებიც ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილი ქვეყნების რეზიდენტები არიან.

რუსული მედიის ინფორმაციით, როსფინმონიტორინგი "საბანკო სანქციებს" უწესებს აშშ-ის, კანადის, იამაიკის, მექსიკის, ევროკავშირის (28 ქვეყანას), ნორვეგიის, ირანის, სუდანის, სირიის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, არგენტინის, შვეიცარიისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს.

გამოცემა "იზვესტია" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩამოთვლილი ქვეყნების რეზიდენტებს რუსული ბანკები ამიერიდან "საეჭვოდ" მიიჩნევენ. როსფინმონიტორინგი ბანკებს ასევე ურჩევს, სულაც თავი შეიკავონ მათთან ოპერაციებისგან.

ჩამონათვალში მოხვდნენ ის ქვეყნები, რომელთაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული, ასევე ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს და ვერ უმკლავდებიან კორუფციას. ამასთან ერთად, როსფინმონიტორინგი ე.წ. "შავ სიაში" ახალი ზელანდიის მოხვედრას იმით ხსნის, რომ ქვეყანა სათანადოდ ვერ იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, შვეიცარიას კი რუსული უწყება ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ გაწეულ არასაკმარის ძალისხმევაში ადანაშაულებს.

თავის მხრივ, როსფინმონიტორინგი უარყოფს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.