Silicon Valley Bank-ის ახალი მფლობელი HSBC-ის თანამშრომლების გადაბირებაში ადანაშაულებს

საბანკო ჰოლდინგმა First Citizens Bank & Trust Company (FCB&TC), რომელიც გაკოტრებული Silicon Valley Bank (SVB)-ის ახალი მფლობელია, ტრანსნაციონალური ბანკის HSBC-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის თანხა 1 მილიარდ დოლარს შეადგენს - წერს Financial Times-ი.

გამოცემის თანახმად, FCB & TC, HSBC ბანკს ტოპ მენეჯერებს გადაბირებაში და კონფიდენციალური ინფორმაციის უკანონო გამოყენებაში ადანაშაულებს. მოსარჩელეების მტკიცებით, SVB-ის ერთ-ერთმა ყოფილმა აღმასრულებელმა, დევიდ სებოუმ, HSBC-ში გადასვლის შემდეგ შეიმუშავა ბანკის 40-ზე მეტი თანამშრომლის გადაბირების „სქემა“. და როგორც მომჩივანი აცხადებს, ამ სპეციალისტებს ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია კლიენტების შესახებ, სებოუ კი მათ ამის სანაცვლოდ "მნიშვნელოვან დივიდენდებს" დაპირდა.

„კონფიდენციალური საკუთრების და სავაჭრო საიდუმლო ინფორმაციის ქურდობა და ბოროტად გამოყენება, ისევე როგორც არაკეთილსინდისიერი კონკურენცია და სხვა უკანონო ქმედებები ითვალისწინებს სანქციებს და მნიშვნელოვანი კომპენსაციის გადახდას 1 მილიარდი დოლარის ოდენობით“, - ნათქვამია სარჩელში.

HSBC-იმ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, Silicon Valley Bank-ი მარტის დასაწყისში მას შემდეგ გაკოტრდა, რაც დაკარგა ათობით მილიარდი დოლარის დეპოზიტები ვენჩურული ინვესტორებისგან და სტარტაპებისგან. ამის შემდეგ საბანკო ჰოლდინგმა FCB & TC იყიდა გაკოტრებული SVB-ის ყველა დეპოზიტი და სესხი, შექმნა რა Silicon Valley Bridge Bank - „შუალედური ბანკი“ მეანაბრეების დასაცავად.

კოკა კვირკველია