შიდა ქართლის 9 სოფელში წყალმომარაგების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

შიდა ქართლის 9 სოფლის 1120 ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

ამის შესახებ ინფორმაციას "მუნიციპალური განვითარების ფონდი" ავრცელებს. მათივე ცნობით, შიდა ქართლში გამყოფი ხაზის 9 სოფელში წყალმომარაგების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის განხორციელების შედეგად – დიდი ხურვალეთის, გუგუთიანთკარის, კოშკას, ზარდიანთკარის, დიცის, მერეთის, წაღვლის, ატოცის და კნოლევის 1120 ოჯახი სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.  ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული სოფლებისთვის წყალმომარაგება ამ დრომდე ერთ-ერთი პრობლემური საკითხი იყო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხრავე სოფელს პრობლემა სრულად მოუგვარდება.

პროექტის ღირებულება 2,444,571.98 ლარია. პროექტზე 50 ადამიანზე მეტია დასაქმებული. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება და გამყოფი ხაზის ცხრა სოფლის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

ფონდში აცხადებენ, რომ მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაცია-მშენებლობა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიდი ხურვალეთში, გუგუტიანთკარში, კოშკაში, დიცში, ქვეშში და ზარდიანთკარში; ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლში და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ატოცსა და კნოლევში მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით წყალსადენის ქსელის მოწყობა დასრულებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიცი, კოშკა, ზარდიაანთკარი და გუგუტიანთკარი, დანარჩენ სოფლებში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ფონდის განმარტებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცსა და კნოლევში, ასევე სოფელ წაღლში წყალსადენის ქსელი საერთოდ არ არსებობდა და მოსახლეობა წყალს წყაროებიდან იღებდა. პროექტის დასრულების შედეგად ცხრა სოფლის მოსახლეობას წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოუგვარდება.