არჩილ მესტვირიშვილი - ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობის ზრდაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების დახვეწასა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობის ზრდაზე.

მისივე თქმით, საქართველოში, ისევე როგორც ღია ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებში, გარდაუვალია ეგზოგენური შოკები, რომელთა გავლენითაც შესაძლებელია, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია, რომელიც ინფლაციის პროგნოზის შესაბამისად იცვლება. მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების და მისი გადაცემის მექანიზმის განვითარებასთან ერთად, მცირდება საზოგადოებრივი დანახარჯიც ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების დახვეწასა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობის ზრდაზე. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში, ისევე როგორც ღია ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებში, გარდაუვალია ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი) შოკები, რომელთა გავლენითაც შესაძლებელია, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს.

მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია. სწორედ ამიტომ, ცენტრალური ბანკები, ძირითადად, მოთხოვნის შოკებზე რეაგირებენ, რადგან მიწოდების შოკებზე (მაგალითად აქციზის გადასახადის, გლობალურ ბაზრებზე ნედლეული პროდუქტების ფასებისა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა) პირდაპირი რეაგირება ეკონომიკისთვის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და მაკროეკონომიკურ მერყეობას იწვევს, რაც საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის მიღწევას უფრო ხარჯიანს ხდის,“ - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.