მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები რეკორდულ მაჩვენებელზეა

2023 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების მიერ გადახდილი დივიდენდების მთლიანი მოცულობა 12%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს 326.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია Janus Henderson Investors-ის კვლევაში.

Janus Henderson-ის გლობალური აქციების განყოფილების ხელმძღვანელმა ბენ ლოფტჰაუსმა, დივიდენდის ზრდას „შთამბეჭდავი უწოდა, განსაკუთრებით იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც დგას გლობალური ეკონომიკა“.

მრავალი თვალსაზრისით, ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია სპეციალური დივიდენდებით, რომლებიც გამოაცხადეს ავტომწარმოებლებმა - Ford-მა და Volkswagen-მა.

სპეციალური დივიდენდების და ვალუტის რყევების გავლენის გამოკლებით, დივიდენდების გადახდის მოცულობა პირველ კვარტალში 3%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ამ მეთოდით გამოთვლილი დივიდენდები 5%-ით გაიზრდება და 1,64 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

პირველ კვარტალში დივიდენდების გადახდის დაახლოებით ნახევარი მოდიოდა ამერიკულ კომპანიებზე, ძირითადად სამშენებლო, ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სექტორებიდან. იმავდროულად, სამთომომპოვებელმა კომპანიებმა შეამცირეს აქციონერებისთვის გადახდები ნედლეულზე დაბალი ფასების გამო.

Janus Henderson-ის კვლევა მოიცავს მსოფლიოს 1200 უმსხვილეს კომპანიის ანალიზს, თავად კომპანია კი გლობალური დივიდენდების ტენდენციებს 2009 წლიდან აანალიზებს.

კოკა კვირკველია