საქართველოს ეროვნული ბანკი ISO/IEC 27001: 2013 სტანდარტთან შესაბამისობაზე დასერთიფიცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO/IEC 27001: 2013 სტანდარტთან შესაბამისობაზე დასერთიფიცირდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი ბანკი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც წარმატებით გაიარა სასერთიფიკაციო აუდიტი და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001: 2013 სტანდარტთან შესაბამისობაზე დასერტიფიცირდა.

ბანკის განცხადებით, სერთიფიცირება განხორციელდა საერთაშორისო ანგარიშსწორებისა და რეზერვების მართვის და საქართველოს საგადახდო და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ანგარიშსწორების მომსახურებების მიმართულებით. "აღნიშნულით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ამ მიმართულებებით საერთაშორისო სტანდარტთან სრულ შესაბამისობაშია. სერტიფიცირება ცალსახა აღიარებაა, რომ ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალობისა და მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები ISO/IEC 27001: 2013 სტანდარტის შესაბამისად ხორციელდება",- აცხადებენ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაზე სერტიფიკატი გერმანულმა მასერტიფიცირებელმა ორგანომ TUV SUD management Service GMBH -მა გასცა, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული სააკრედიტაციო ორგანოს DAKKS - ის მიერაა აკრედიტებული.

"ISO/IEC 27001: 2013 - ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომლის შესაბამისობის სერტიფიკატი ქვეყანაში პირველად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა. ეროვნული ბანკი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალობისა და მთლიანობის დაცვას. ამიტომ, აღნიშნულ სტანდარტთან შესაბამისობა ეროვნული ბანკისთვის და მთლიანად ფინანსური სექტორის განვითარებისთვის კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.