„რუსებისთვის ქუთაისის აეროპორტი შესაძლოა, ევროპისკენ მიმავალ გზაზე ახალი ჰაბი გახდეს“

რუსები ევროპაში იაფ ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან შეძლებენ, როცა რუსული ავიაკომპანია, Red Wings მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის რეისების შესრულებას დაიწყებს. ინფორმაციას ტურისტული სიახლეების რუსული Telegram-არხი, GOGOV ავრცელებს.

როგორც ცნობილია, Red Wings კვირაში 3 სიხშირით სოჭი-თბილისი-სოჭის, ასევე, მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის რეისებზე ოპერირებას 2 ივნისიდან იწყებს. GOGOV-ის შეფასებით, რეისების ამოქმედების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს მეტად მომგებიანი გზა გაეხსნებათ ევროპის ქვეყნებში ჩასასვლელად.

„რუსებისთვის ქუთაისის აეროპორტი შესაძლოა, ევროპისკენ მიმავალ გზაზე ახალი ჰაბი გახდეს, რადგან სწორედ ამ აეროპორტიდან, თითქმის, სამი ათეული მიმართულებით უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Wizz Air დაფრინავს,“ - წერს GOGOV და კონკრეტულ რეისებს ასახელებს.

კერძოდ, Telegram-არხი რუს ტურისტებს სიხარულით ამცნობს, რომ ივლისისთვის Wizz Air მგზავრებს 3,6 ათას რუბლად (45 დოლარად) ქუთაისი-სალონიკის რეისს, 4,7 ათას რუბლად (59 დოლარად) მილანში, ხოლო 6,5 ათას რუბლად (81 დოლარად) პარიზში ჩაფრენას სთავაზობს.

ამასთან, Telegram-არხი აკონკრეტებს, რომ რუსი ტურისტები თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მოხვედრას, დაახლოებით, ოთხ საათში შეძლებენ.

Red Wings-ს ფრენებისთვის აუცილებელი ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 18 მაისს მიანიჭა. ავიაკომპანია მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში ბაზირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ