თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას, მეპატრონეს უფლება ექნება, რომ...- რა ახალი ცვლილებები ამოქმედდება ურჩი მდგმურების მიმართ

საკეტის გამოცვლა, ბინაში კომუნალურების გამორთვა თუ სასამართლოში დავის დაწყება?! უძრავი ქონების მეპატრონეები ბოლო დროს ხშირად ჩივიან, რადგან გაქირავებულ ბინას ან უკან ვერ იბრუნებენ ან სასამართლო დავაში ენერგიასა და დიდ დროს ხარჯავენ.

გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობას სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები აწესრიგებს, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში ურთიერთობები რადიკალურად შეიცვალა. კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო ბინის მეპატრონეები თავიანთ უფლებებს ვეღარ იცავენ.

„ბინა მაქვს გაქირავებული, ოფიციალური ხელშეკრულება არ დაგვიდია. პრობლემა ისაა, რომ 6 თვეა ფულს არ იხდიან. როცა გასაღების გამოსართმევად მივედი, მითხრეს, არ გავალთო, მეტიც, რამდენიმე დღეში მიჩივლეს. ვერ ვუშვებ ჩემი საკუთრებიდან. რა შეიძლება რომ გავაკეთო?“ -წერენ სოციალურ ქსელში.

სწორედ მსგავსი შემთხვევების გახშირების გამო, იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც ბინის ქირავნობასთან დაკავშირებულ დავებს შეეხება. ინიციატივის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია. ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ექნება უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე, დაავალდებულოს პირი ან ქირა გადაიხადოს, ან ნაქირავები ბინა დაცალოს, გამარტივებული სააღსრულებო წესებიდან გამომდინარე.

საკანონმდებლო ინიციატივას კანონიერი ძალა რომ ჰქონდეს, ის აუცილებლად მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, წერილობით უნდა გაფორმდეს და აღსრულების ეროვნულ ბიუროში დარეგისტრირდეს. სერვისი ფასიანი იქნება, თუმცა მისი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

იუსტიციის სამინისტრომ შესაძლო ცვლილება ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს გააცნო, როგორც ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნინუაშვილი ამბობს, ინიციატივა უფლებების რეალიზაციის გარეშე დარჩენილი მეპატრონეებისთვის პოზიტიური იქნება.

„თუ მესაკუთრე და დამქირავებელი გააფორმებენ წერილობით ხელშეკრულებას, სადაც შეთანხმდებიან, რომ ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარეს ექნება უფლება, მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, აღსრულების ბიურო გამოასახლებს დამქირავებელს, რომელიც არღვევს ხელშეკრულების პირობას“, - ამბობს ნიკა ნინუაშვილი.

დღევანდელი მოცემულობით, გამოსახლების პროცესში პოლიცია აღარ მონაწილეობს, შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი მოქირავნის გამოსასახლებლად ერთადერთი გზა სასამართლოში ჩივილია, ამ ინსტიტუციაში კი საქმეები ჭიანურდება. ასოციაციის იურიდიული დირექტორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ინიციატივა სასამართლო დავებს შეამცირებს.

„სასამართლო დავები შემცირდება, თუმცა არ გაქრება, რადგან ყველა დამქირავებელი და მესაკუთრე ამ პირობას არ დაიცავს. იმ მესაკუთრისთვის, ვინც იაზრებს რისკს და თავდაცვის მექანიზმებს ეძებს, ინიციატივა შესანიშნავი თავის დაზღვევის მექანიზმი იქნება’’.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გაქირავებული ბინიდან მიღებული შემოსავლის 5 პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება, თუმცა ბაზარზე არსებული პრაქტიკის თანახმად, ეს ურთიერთობები არა წერილობით, არამედ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე წარიმართება, შესაბამისად, მეპატრონეები გადასახადს გვერდს უვლიან. ინიციატივის თანახმად, ამ ტიპის ეკონომიკური საქმიანობა ხილვადი გახდება და მისგან თავის არიდება ვეღარ მოხდება. სამოქალაქო კოდექსი კი ამბობს, რომ ქირავნობის ხელშეკრულება ზეპირადაც შეიძლება დაიდოს, საინტერესოა, რამდენად შედეგიანი და ეფექტური იქნება კანონი, მაშინ როცა 5 პროცენტიანი გადასახადის წახალისება არ ხდება? ამ კითხვით ადვოკატ აკაკი ჩარგეიშვილს მივმართეთ.

„სახელმწიფო უნდა იყოს ინიციატორი, რომ მე (მეპატრონეს) მინდოდეს 5 პროცენტის გადახდა, ის თავის სერვისს უკეთესად უნდა მთავაზობდეს. ეს რეგულირება არ არის მთლიანად საკითხის იმ ჭრილში გადაწყვეტა, საიდანაც პრობლემის საფუძვლები გაჩნდა, რომელიც თავის დროზე სახელმწიფომ დაუშვა. ამის ნათელი მაგალითი არასწორ რეგისტრაციასთან დაკავშირებული წესები და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონია. მესაკუთრეს არ შეუძლია რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაიგოს, რადგან პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი შემოვიდა და ამან აუკრძალა. ამ კანონებით იზარალა უამრავმა ადამიანმა და ეს ყველაფერი სახელმწიფომ დაუშვა“ - აღნიშნავს ჩარგეიშვილი.

ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის, ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა, კანონში არსებული ხარვეზის გამო კი ბინის მეპატრონეთა უფლებები სრულად დაცული არ არის, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, პრობლემა კომპლექსურია, ინიციატივა კი ცალსახად პოზიტიურია, თუმცა ამ ეტაპზე ბუნდოვანი. მთავარი რგოლი კი კვლავ სახელმწიფოა, მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სისტემური ხასიათის ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ იქნება პოლიტიკური ნება, ინიციატივა დაახლოებით ერთ წელიწადში კანონად იქცევა.

ჯერჯერობით, კვლავ უცნობია ადვოკატების მიერ დადებითად შეფასებული ინიციატივა რას შეცვლის ქართველი ხალხისთვის და საკეტის გამოცვლა, ბინაში კომუნალურების გამორთვა და სასამართლო დარბაზში განაჩენის ლოდინი კვლავ გახდება თუ არა საჭირო?!

ავტორი: ნინი ქობალია