ანა დოლიძემ რუსულ კომპანიებთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის სამსახურს წერილობით მიმართა

პარტია ,,ხალხისთვის’’ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ რუსულ კომპანიებთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის სამსახურს წერილობით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ის შრომის ინსპექციას კითხვით მიმართავს, თუ როგორ არის დაცული შრომითი კანონმდებლობა რუსეთის მოქალაქეების ბიზნესებში.

„ჩვენ გვაქვს კამპანია დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებები. ბევრ პრობლემას წარმოშობს რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლა საქართველოში, რეალურად ეს არის გეოპოლიტიკური და ამავდროულად, სერიოზული ეკონომიკური საფრთხე. დღეს მოვედით შრომის ინსპექციის სამსახურში. საკითხი, რომელიც დავაყენეთ, არის ის, რომ შრომით ინსპექციას გაგვცეს პასუხი, რამდენად აქცევს ყურადღებას და როგორ არის დაცული შრომითი კანონმდებლობა რუსეთის მოქალაქეების ბიზნესებში, როგორ არის დაცული შრომითი კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით.

ამ პირობებში, როდესაც ერთ წელზე მეტია ასი ათასობით რუსეთის მოქალაქე საქართველოში შემოვიდა, დარეგისტრირდა ათი ათასობით რუსული ბიზნესი, მუშაობს მათი ბიზნესები მთელ ტერიტორიაზე, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რამდენად ფლობენ შრომის უფლებას ეს მოქალაქეები. ზოგადად, ეს თემა ყველა ევროპულ ქვეყანაში მოწესრიგებულია და აქაც უნდა მოწესრიგდეს. არ შეიძლება შენ დოვლათს, იმ ორ კაპიკს უშვებდე ნებისმიერ უცხო სახელმწიფოში. შრომითი კანონმდებლობის დაცვა ევალება შრომის ინსპექციის სამსახურს, ძალიან მნიშვნელოვანია მათ მოვთხოვოთ პასუხი, რამდენად იცავენ ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს პრიორიტეტი შრომით ურთიერთობებში,’’- განაცხადა ანა დოლიძემ.