ლატვიის ექსპრეზიდენტები სახელმწიფომ შესაძლოა, აღარ შეინახოს

ლატვიაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების სახელმწიფო სახსრებით შენახვის შეწყვეტას მოითხოვენ. შესაბამისი ინიციატივა პორტალ Manabalss.lv-ზე დარეგისტრირდა. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

უკვე 8000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, ხოლო 10 000 ხელმოწერის შემთხვევაში ინიციატივას ლატვიის სეიმი განიხილავს.

ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ „ეს ხელს შეუწყობს ფულის დაზოგვას და საზოგადოებას უფრო გააერთიანებს, მით უმეტეს, მასწავლებლები და ექიმები დაბალ ხელფასებს მუდმივად აპროტესტებენ.“

ინიციატივის საპასუხოდ პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრის თეიკმანისი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტების უვადოდ შენახვა სახელმწიფოების საყოველთაოდ მიღებული ტრადიციაა.

ლატვიის ყოფილი პრეზიდენტები, გუნტის ულმანისი, ვაირა-ვიკე ფრეიბერგა და ვალდის ზატლერსი ხელფასის 50%-ის ოდენობის პენსიას იღებენ. მათ, ასევე, სახელმწიფოსგან ბინის მიღებაც შეუძლიათ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წელს გუნტის ულმანისის სოციალურ გარანტიებზე, დაახლოებით, 122 000 ევრო, ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთვის 142 000 ევრო, ვალდის ზატლერსისთვის 71 000 ევრო, ანდრის ბერზინშისთვის 59 000 ევრო, ხოლო რაიმონდ ვეიონისისთვის 85 000 ევრო დაიხარჯა. ყველა ამ ხარჯს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იხდის.

ყოფილი პრეზიდენტები სიცოცხლის ბოლომდე, ასევე, ერთი მანქანითა და პირადი დაცვით არიან უზრუნველყოფილი. ამასთან, პრეზიდენტს ჰყავს ერთი მდივანი და სურვილის შემთხვევაში წარმომადგენლობითი შენობებითაც შეუძლია ისარგებლოს. თუ პრეზიდენტი ვადის ამოწურვის შემდეგ სეიმის ან მინისტრთა კაბინეტის წევრი ანდა საპარლამენტო მდივანი ხდება, საპრეზიდენტო პენსია არ ენიშნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ