ევროკავშირმა უკრაინას შესაძლოა, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება გადასცეს

ევროკავშირმა 196,6 მლრდ ევროს გაყინული მთლიანი რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება შესაძლოა, უკრაინას გადასცეს. ინფორმაციას Financial Times-ზე დაყრდნობით UNN ავრცელებს.

საკითხის მცოდნე პირებმა გამოცემას აცნობეს, რომ ოთხშაბათს წევრი ქვეყნებისა და ევროკომისიის ოფიციალურმა პირებმა ბელგიურ საკლირინგო (საანგარიშო) ცენტრ Euroclear-ში შენახული რუსული აქტივებით გენერირებული პროცენტების გადინების ვარიანტები შეისწავლეს. მართალია, ასეთი ნაბიჯი თავად აქტივების ექსპროპრიაციას არ გამოიწვევს, მაგრამ რუსეთზე დასავლეთის ფინანსურ ზეწოლას გააძლიერებს, რომ უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს.

ბელგიის მთავრობის მონაცემებით, 196,6 მლრდ ევროს გაყინული აქტივებიდან 180 მლრდ ევრო რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებია. ევროკავშირის ოფიციალური პირები დაინტერესებული არიან, რომ რეინვესტიციიდან მიღებული მოგება უკრაინაში გაიგზავნოს.

მაღალი საპროცენტო განაკვეთების დღევანდელმა მდგომარეობამ, ასევე, სანქციების გამო დაგროვილმა გადახდებმა განაპირობა ის, რომ საანგარიშო პალატამ კარგი მოგება მიიღო. კერძოდ, Euroclear-ის განცხადებით, პირველ კვარტალში სანქცირებული რუსული აქტივების ნაღდი ფულის ნაშთებზე 734 მლნ ევროს ოდენობის პროცენტი იქნა გადახდილი.

თავის მხრივ, ბელგიის მთავრობამაც განაცხადა, რომ Euroclear-ში გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების საგადასახადო შემოსავალს უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებს. თანხა სამხედრო და ჰუმანიტარულ, ასევე, ლტოლვილთა დასახმარებლად დაიხარჯება. ბელგიის მთავრობა მოელის, რომ წელს, მინიმუმ, 625 მლნ ევროს საპროცენტო გადასახადს მიიღებს.

Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ზოგიერთი ოფიციალური პირი თვლის, რომ ეს პრინციპი შესაძლოა, რუსეთის გაყინული აქტივების უფრო ფართო სპექტრზე, მათ შორის ლუქსემბურგის საკლირინგო ცენტ Clearstream-ში გაჭედილ აქტივებზე გავრცელდეს. ისინი რუსული აქტივების შესახებ უფრო კონკრეტულ წინადადებებს ივნისის ბოლოს, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე წარადგენენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ