უცხოურ ვალუტაში სესხები 2,2%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა საპროცენტო განაკვეთები ლარში

2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ზოგადად სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 14,2% იყო, მაშინ როცა მიმდინარე წლის მარტში ეს მაჩვენებელი - 13,2%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის აპრილში გაძვირება უფრო მეტად უცხოურ ვალუტაში აღებულ კრედიტებს შეეხო. კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, აპრილში საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე მარტთან შედარებით, 8,1%-დან 10,3%-მდე გაიზარდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა 9%-დან 11%-მდე მოიმატა, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 5,9%-დან 7,3%-მდე.

ამასთან, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე, საპროცენტო განაკვეთები აპრილში მარტთან შედარებით 16,6%-დან 16,7%-მდე გაიზარდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთი 14,1%-დან 14%-მდე შემცირდა, ხოლო ფიზიკურ პირებზე 18,5%-დან 18,6%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, ზოგადად სესხები გაძვირდა 12,7%-დან 14,2%-მდე. მათ შორის უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 6,5%-დან 10,3-მდე გაიზარდა, ხოლო ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე განაკვეთი იგივე ნიშნულზე - 16,7%-ზე დარჩა.