რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი ისევ ნულდება

რუსულ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ივნისში განულდება, მაშინ, როცა მაისში ტონაზე 1,122 რუბლს (14 დოლარს) შეადგენდა. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი.

საექსპორტო ბაჟი მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ ისევ ნულდება. გადასახადი ზედიზედ ხუთი თვის ნულოვანი მაჩვენებლიდან მხოლოდ მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან გაიზარდა. მანამდე ზეთზე არანულოვანი საექსპორტო გადასახადი გასული წლის სექტემბერში მოქმედებდა.

ამასთან, ივნისში მზესუმზირის შროტზე საექსპორტო გადასახადი მაისის 6,578 რუბლიდან 5,012 რუბლამდე (82-დან 63 დოლარამდე) შემცირდება. აღსანიშნავია, რომ ეს გადასახადიც 2022 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მცირდება.

ზეთზე საექსპორტო გადასახადი საორიენტაციო ფასების მიხედვით გამოითვალა, რამაც ერთი თვის წინანდელ 1031 დოლარის ნაცვლად, ტონაზე 940,5 დოლარი შეადგინა. შროტზე ინდიკატორული ფასი ერთი თვის წინ 285,2 დოლარი იყო, რაც 262,4 დოლარამდე შემცირდა. საექსპორტო გადასახადი საორიენტაციო და საბაზისო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს.

რუსეთში 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტოს პერიოდისთვის მზესუმზირის ზეთზე, ხოლო 1-ლი მაისიდან 31 აგვისტომდე შროტზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი შემოიღეს. გასული წლის ზაფხულში ფედერაციის მთავრობამ მზესუმზირის ზეთის, შროტისა და მზესუმზირის მარცვლებზე საექსპორტო გადასახადის ვადა კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა, ხოლო ზეთსა და შროტზე ამ გადასახადების გამოთვლა დოლარიდან რუბლებზე გადაიტანა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ