Georgian Airways-ი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს. ამის შესახებ რუსული RTVI წერს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს, გეგმაშია ხუთი ევროპული ქალაქის - მილანის, პარიზის, ვენას, ლარნაკას და სალონიკის დამატება.
„ვფიქრობ, ამ მარშრუტებზე საკმარისად მაღალი მოთხოვნა იქნება. ფრენები დაიწყება 15 ივნისს“, - განუცხადა RTVI-ს თამაზ გაიაშვილმა.
მან ასევე დასძინა, რომ აუცილებლად შეინარჩუნებს საჰაერო კომუნიკაციას რუსეთთან.
„საქართველოს მთავრობა ძალიან თბილად მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ქნას, რომ ეს აღარასოდეს შეწყდეს“, - განაცხადა გაიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის 4-წლიანი პაუზის შემდეგ ავიამიმოსვლის აღდგენის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გასცა.