სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა რთულდება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს დამატებითი ვალდებულებები დაუწესა

2015 წლის 6 აპრილის ბრძანებით ცვლილებები შევიდა "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სააგენტოს თავმჯდომარის №9 ბრძანებაში. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიისთვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დოკუმენტის წარმოდგენა აუცილებელი ხდება. მომსახურების ღირებულების დასაბუთება კომპანიას იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ მის მიერ შეთავაზებული საბოლოო ფასი 20%-ით (ან მეტით) დაბალია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე. უწყების განმარტებით, სავარაუდო ღირებულებაზე გაცილებით დაბალი ფასი ხშირად ეჭვს ბადებს. ცვლილებების შეტანა საჭირო გახდა იმიტომ, რომ მიმწოდებლების მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში აღნიშნული საბოლოო ფასი ზოგჯერ ბევრად დაბალი იყო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სავარაუდო ღირებულებაზე. ითქვა ისიც, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ინიცირებული ცვლილებები გავრცელდება მხოლოდ მისი ძალაში შესვლის შემდეგ გამოცხადებულ ტენდერებზე.

აღნიშნულ ცვლილებებს სავსებით გამართლებულად მიიჩნევს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თემურ მაისურაძე. მისი შეფასებით, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე სუბიექტებს შეიძლება საქმე გაურთულდეთ, მაგრამ როდესაც კომპანია ცდილობს ტენდერში დაბალი ფასი გადაიხადოს, მისი ქმედება მართლაც საეჭვო ხდება.

"ასეთ დროს ჩნდება კითხვა - ეს დაბალი ფასი საიდან მოდის? თუ ტენდერის მონაწილე ხართ და მეუბნებით, რომ ამ სამუშაოს იაფად შეასრულებთ, ხომ უნდა დამისაბუთოთ - საიდან ან როგორ? ჩემი აზრით, ეს ცვლილებები პირველ რიგში დამკვეთისთვისაა სიმშვიდის მომტანი. ეს იმ სირთულეებისაგან დაიცავს ქვეყნის ბიუჯეტს, რაც გასულ წელს შეუსრულებელი ტენდერების გამო შეექმნა", - აღნიშნა თემურ მაისურაძემ.

მისივე თქმით, 20 პროცენტი რეალური ზღვარია, რადგან ამაზე უფრო დაბალი ფასი უკვე საფრთხის შემცველია: "როდესაც კომპანიის მიერ დასახელებული ფასი ლოგიკურ ზღვარს სცილდება, მან უნდა დაასაბუთოს, რის ხარჯზე ხდება ეს. როგორც ვიცი, ჯერჯერობით, ეს შუალედური ღონისძიებებია და მთავრობა ისეთ კანონზე მუშაობს, რომელიც შესყიდვების საკითხს ახალ ფორმატში გადაიყვანს, ყველა დეტალი იმ კანონში იქნება განსაზღვრული. თუმცა, ეს ცვლილებებიც წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ტენდერები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. აქ ორი მომენტი იკვეთება: როდესაც კანონს ამკაცრებ, ბიზნესსუბიექტებს ტენდერში მონაწილეობის სურვილი უქრებათ, ხოლო როცა არბილებ, უკვე განუკითხაობა და თავაშვებულობა იწყება. კანონმდებლებმა სწორედ ამ ზღვარზე უნდა გავიაროთ, როგორც ამბობენ, არც მწვადი უნდა დავწვათ და არც - შამფური, თუმცა გარკვეული რეგულაციებიც საჭიროა. შესრულებულ ტენდერებში უკვე იმდენი ხარვეზი ვნახე, რომ მათი შემსრულებლები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ", - განაცხადა bpn.ge-სთან საუბარში თემურ მაისურაძემ.

ახალ რეგულაციებს განსხვავებულად აფასებენ ბიზნესის წარმომადგენლები:

საქართველოს სამშენებლო კომპანიის დირექტორის, გიორგი გოგოლაძის განცხადებით, ასეთი მიდგომის კატეგორიული წინააღმდეგია. "ხარჯთაღრიცხვაში ხომ ისედაც ყველაფერი ჩანს? თუ კომპანია დაბალ ფასს დაასახელებს და სამუშაოს ვერ შეასრულებს, დაისჯება - ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს? თუ სამუშაო ღირს 50 ლარი და ვიღაც დაწერს 5 ლარს, ვერ გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ეს რეალური ფასი არ არის, მაგრამ შეიძლება სამუშაო შედარებით უფრო დაბალ ფასად შეასრულოს. ხომ შეიძლება სულ უფასოდ მიკეთებს ვინმე რაიმეს? - ჩემი მეგობარია, ახლობელი, ან ჩემი ვალი აქვს... ამას დოკუმენტში ვერც ჩაწერ და ვერც დაასაბუთებ. თუ დამკვეთს არარეალურად მიაჩნია შესასრულებელი სამუშაოს ფასი, ნუ აირჩევს ასეთ კომპანიას და ამით დამთავრდება ყველაფერი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს მაინც ხელოვნური ბარიერებია, რომელიც საქმეს ნამდვილად არ წაადგება. თანაც, ტენდერში გამარჯვება მარტო დაბალ ფასზე ხომ არ არის დამოკიდებული? აქ ათასგვარი ნიუანსია გასათვალისწინებელი. თუ კომპანია თავის საქმეს კარგად შეასრულებს, შეიძლება მაღალი ფასითაც გაიმარჯვოს", - აღნიშნა გიორგი გოგოლაძემ.

სრულიად საპირისპიროდ აფასებს სიტუაციას შპს "ბესტი ჯგუფის" დირექტორი ლევან ჟვანია. "მიუხედავად სურვილისა, სახელმწიფო ტენდერებში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა: როდესაც ამ ფასებს ვნახულობდი, ყოველთვის თავს ვიკავებდი. ახლავე აგიხსნით, რატომ: დავუშვათ შესასრულებელი სამუშაო ღირს მილიონი, რომ გადავხედავდი, გამარჯვებულები ტენდერს 600 და 700 ათას ლარად იგებდნენ, ამის გამო სურვილიც კი არ მიჩნდებოდა, რომ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა მიმეღო. საკვირველია, მილიონიანი სამუშაო როგორ უნდა შეასრულო 600-700 ათას ლარად? ასე იაფად რომ მოიგებ მილიონიან ტენდერს, ის საქმე ხარისხიანად როგორ უნდა გააკეთო? ალბათ, ბოლო წლებში პატიოსნად მოგებულ ტენდერს იშვიათად ნახავთ, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები დროული და საჭიროა", - განაცხადა ლევან ჟვანიამ.

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე კი მიიჩნევს, რომ ეს საჭირო გადაწყვეტილებაა და მსგავსი რეგულაციები უფრო ადრე უნდა შემოეღოთ. "უმჯობესია წინასწარ იყოს განსაზღვრული ტენდერის პირობები, მონაწილეთა ვალდებულებები და ხარჯთაღრიცხვა, რომლითაც შემდეგ ეს პირობები უნდა შესრულდეს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში "ცხელ კვალზე" იღებდნენ მონაწილეობას და ცდილობდნენ არაკეთილსინდისიერი გზით მიეღწიათ წარმატებისთვის. შედეგად, სამუშაოს დასამთავრებლად ან თანხა არ ჰყოფნიდათ, ან უხარისხოდ ასრულებდნენ, ან დროში ვერ ეტეოდნენ, რის გამოც ხშირი იყო ტენდერის გაუქმება, გადადება, ან ჩავარდნა. ბოლოს კი, სახელმწიფო და მაკროეკონომიკა ზარალდებოდა. მით უმეტეს, ეს სამუშაოები ხშირად სრულდებოდა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალებით. ამიტომაც არის აუცილებელი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დოკუმენტის შემოღება. ეს ტენდერის მონაწილე კომპანიების პასუხისმგებლობას აამაღლებს. რაც შეეხება 20 პროცენტს, თუ კომპანია უფრო დაბალ ფასად აპირებს სამუშაოს შესრულებას, მაშინ უნდა წარმოადგინოს დასაბუთება წარმოების რომელი კომპონენტის ხარჯზე შეძლებს ასეთ ეკონომიას. პრინციპი, ”მიზანი ამართლებს საშუალებას”, ბოლო წლებში ჩვენს ეკონომიკას მასობრივად მოედო და ერთგვარი პანდემიის სახე მიიღო. ამიტომ, ეს იქნება ფილტრი, რომ ავანტიურისტული სულისკვეთების მქონე კომპანიებმა არ დაჯაბნონ ბაზრის ღირსეული მოთამაშეები. მე ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებების მიღება ცოტა დაგვიანებული, მაგრამ სავსებით სამართლიანია", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე