ასპინძის სოფელ საყუდაბელში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუდაბელში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა.

როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მზია პაპაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაავადებულთაგან ნაწილი სტაციონარში მკურნალობდა, ახლა კი მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ.

მისივე თქმით, სოფელში უკვე იმყოფებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც შესაბამისი ნიმუშები აიღეს.

„დღეისთვის 12 შემთხვევა გვაქვს სოფელ საყუდაბელში. ზოგიერთი სტაციონარშიც მკურნალობდა, ახლა შინ იმყოფებიან და ამბულატორიულად აგრძელებენ. მკურნალობის პროცესი ხანმოკლე არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ ჩემი უშუალო მოწვევით, ნიმუშები აიღეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პირუტყვი იყო ინფიცირებული. მოსახლეობა მოიცვა პანიკამ, რადგან მიირთმევდნენ არაპასტერიზებულ რძის პროდუქტს, პირუტყვს უვლიდნენ, რაც არის საფრთხის შემცველი ცხოველიდან ადამიანისთვის გადადების თვალსაზრისით“, - განაცხადა მზია პაპაშვილმა.