იაპონიამ რუსეთის მიმართ სანქციები გაამკაცრა

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით სანქციებს ამკაცრებს - ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, განახლებული სანქციების სიაში შევა დამატებით 17 ფიზიკური პირი და 78 ორგანიზაცია რუსეთიდან, რომელთა აქტივები იაპონიაში იყინება. ექსპორტის შეზღუდვები იმოქმედებს დამატებით 80 ორგანიზაციისთვისაც.

კერძოდ, სანქციები დაწესებულია რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ, მათ შორის არიან მიხაილ ზუსკო, სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე გაერთიანებული არმიის მეთაური და მიხეილ მატვეევსკი, რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარაკეტო ძალებისა და არტილერიის უფროსი. ამავე სიაში შედის იან ნოვიკოვი, კონცერნ VKO Almaz-Antey-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და საბჭოს თავმჯდომარე. ცალკე სიაში შედის შვიდი ადამიანი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან.

იმ ორგანიზაციებს შორის, რომელთა აქტივები გაიყინება, არის კომპანია Связь, Метеор-ის ქარხანა, სხვადასხვა საავიაციო და თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოები.

ექსპორტის შეზღუდვები დაწესებულია, მოწინავე კვლევის ფონდზე, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალურ სამსახურზე, სააქციო საზოგადოება Автоматик-ის კონცერნზე, კომპანია KAMAZ-ზე, Сколково ფონდზე, ჩკალოვის სახელმწიფო ფრენის ტესტირების ცენტრზე და სხვა.

მანამდე Kyodo საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ G7 ქვეყნები 19-21 მაისს ჰიროშიმაში სამიტის წინა დღეს განიხილავდნენ რუსეთში ექსპორტის თითქმის სრული აკრძალვის დაწესების შესაძლებლობას. თუმცა, მაშინ Financial Times-მა წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნები და იაპონია არ დაეთანხმნენ აშშ-ს წინადადებას რუსეთში ექსპორტის თითქმის სრული აკრძალვის შესახებ.

კოკა კვირკველია