რუსული ოქროს მთავარი იმპორტიორი არაბთა გაერთიანებული საემიროებია

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსული ოქროს მთავარი იმპორტიორი არაბთა გაერთიანებული საემიროები გახდა. ინფორმაციას Reuters რუსეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 3 მარტამდე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 4,3 მლრდ დოლარის 75,7 ტონა რუსული ოქრო შეიტანეს, მაშინ, როცა 2021 წელს ეს მოცულობა 1,3 ტონას არ აღემატებოდა.

ასევე, ჩინეთმა და თურქეთმა იმავე პერიოდში სათითაოდ 20 ტონა რუსული ოქროს იმპორტი განახორციელეს. Reuters-ის მიერ შესწავლილი დოკუმენტების თანახმად, ჩინეთში იმპორტირებული რუსული ოქროს უმეტესი ნაწილი ჰონგ კონგში შედიოდა.

ფედერაციის საბაჟო მონაცემებით, რუსეთიდან ოქროს ექსპორტში ამ სამი ქვეყნის წილმა 99,8% შეადგინა.

Metals Focus-ის მონაცემებით, 2022 წელს რუსეთიდან მთლიანობაში 116,3 ტონა ოქრო გავიდა, ხოლო წარმოებამ 325 ტონა შეადგინა. დანარჩენი მოცულობა ქვეყანაში დარჩა ან ექსპორტზე დაუზუსტებელი გარიგებებით გავიდა, რაც ანგარიშებში არ ასახულა.

გასული წლის ზაფხულში გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა, შვეიცარიამ, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და იაპონიამ რუსული ოქროს ზოდების იმპორტი აკრძალეს.

ანონიმური კომპანიის მენეჯერმა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დიდი მოცულობის რუსულ ოქროს აგზავნის, Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთი ზოდებს, მსოფლიო ფასებთან შედარებით, 1%-იანი ფასდაკლებით ყიდის. მისი თქმით, ოქროს უმეტესი ნაწილი გადამამუშავებელი ქარხნებისთვის არის გამიზნული, სადაც მისი გადადნობა ხდება.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტ ლუი მარეშალის განმარტებით, თუ რუსულ ოქროს გადადნობის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე ბანკი ან ტრეიდერი ყიდულობს, არსებობს რისკი, რომ ის წარმოშობის შენიღბვით აშშ-ში ან ევროპაში მოხვდეს.

რუსეთის ფედერალურ საბაჟო სამსახურს იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკის გამოქვეყნება 2022 წლის გაზაფხულიდან შეჩერებული აქვს, რასაც „იმპორტის ნაწილში არაკორექტული შეფასებების, სპეკულაციებისა და შეუსაბამობების თავიდან აცილების“ არგუმენტით განმარტავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ