საქართველოს დელეგაცია რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას უჭერს მხარს

PACE-ში საქართველოს დელეგაცია რუსეთისათვის სანქციების გამკაცრებას უჭერს მხარს.

ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

კომიტეტის აპარატის ცნობით, გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასმბლეის სესიაზე რუსეთისათვის დაწესებული სანქციების საკითხი დღის წესრიგში არ შევიდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ გამორიცხავს შესაძლებლობას, სანქციების გამკაცრებისა და გაგრძელების გადაწყვეტილებაზე კვირის განმავლობაში ჩანიშნულ სხდომებზე იმსჯელონ.  "ქართული დელეგაცია სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას უჭერს მხარს და აცხადებს, რომ რუსეთმა არცერთი ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და შესაბამისად, ევროსაბჭომ პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს", - განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს დელეგაციის კიდევ ერთი წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, "დე ფაქტოდ ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ შესაძლოა ორგანიზაციიდან ქვეყნის გარიცხვის საკითხიც დადგეს". "მათ საკუთარ თავს შეუზღუდეს მოღვაწეობის არეალი საპარლამენტო ასამბლეაში, ასე რომ ჯერჯერობით დღის წესრიგში, ალბათ, ისევ დადგება მათი ხმის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება უკვე სხვა თემებზე მსჯელობა", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების საკითხი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე არ განიხილება, ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად, სავარაუდოდ, არსებული სანქციები ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდება.