პრეზიდენტი - ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია

ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი ისტორიის მქონე ერმა არ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ, ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე კარგ, თუ ან ცუდ განცხადებაზე იყოს დამოკიდებული.

"რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო. ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ, როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს. ნუთუ გვავიწყდება, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს. კარგად ვხედავთ დღეს, ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს, 26 მაისია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.