„აზერბაიჯანის რკინიგზა“ ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) რკინიგზაზე სამუშაოებს დააჩქარებს, რიმელიც ტვირთების გადაზიდვის პოტენციალის გაზრდის მიზნით მიმდიარეობს. ამის შესახებ კომპანიაში „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ განუცხადეს.
ამ მიზნით „აზერბაიჯანის რკინიგზამ“ ახალი კონტრაქტორები მიიზიდა, რომ ბთყ-ის რკინიგზის საქართველოს, ანუ 183 კმ-იან მონაკვეთზე სარემონტო-სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოები რაც შეიძლება, მალე დასრულდეს.
ეს სამუშაოები მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომელიც ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა. რკინიგზა მთიანი და ტყიანი უბნების რთულ რელიეფზე გადის. სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ხაზის გამტარუნარიანობისა და მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით დაიწყო. „აზერბაიჯანის რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ რეკონსტრუქციის შედეგად ბთყ-ის რკინიგზა „მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპისთვის კიდევ უფრო მეტი ტვირთის მიწოდებაში.“
„აზიიდან ევროპაში აზერბაიჯანის გავლით საქონლის უფრო სწრაფად და გადატვირთვის მხოლოდ ერთი ოპერაციით მიწოდება მნიშვნელოვნად უსვამს ხაზს ბთყ-ის რკინიგზის მნიშვნელობას რეგიონულ სატრანსპორტო ქსელში,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამ დროისთვის ხაზები სრულად ელექტრიფიცირებულია. რკინიგზის მშენებლობა ძირითადად დასრულებულია და 12 სადგურზე საბოლოო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ელექტრომომარაგებას, საკომუნიკაციო და სასიგნალო მოწყობილობების დამონტაჟებას, სადგურის მუშაკთა ადმინისტრაციული შენობების მოწყობასა და თანამედროვე დამხმარე კომუნიკაციებს მოიცავს.
ამ სამუშაოების სწრაფად დასრულების მიზნით მაისის შუა რიცხვებიდან სარკინიგზო ხაზზე საქონლის ტრანსპორტირება დროებით შეზღუდულია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ