ერდოღანის გამარჯვების შემდეგ თურქული ლირა რეკორდულ გაუფასურებასთან ახლოსაა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვებისა და მომდევნო 5-წლიანი ვადით ქვეყნის სათავეში დარჩენის შედეგად, ლირის კურსი კვლავ გაუფასურდა.

ეროვნული ვალუტის კურსი 0.3%-ით გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 20.03 ლირა გახდა, რაც რეკორდულად დაბალ ნიშნულთან ახლოსაა.

უოლ სტრიტზე ლირის კიდევ უფრო გაუფასურებას წინასწარმეტყველებენ. Morgan Stanley-ის თანახმად, ერთი დოლარი, შესაძლოა, 26 ლირას გაუტოლდეს და წლის ბოლომდე 28-საც კი მიაღწიოს, თუ ერდოღანი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გააგრძელებს. Wells Fargo & Co პროგნოზირებს, რომ პირველ კვარტალში დოლართან მიმართებით ლირის კურსი 23-ს გაუტოლდება.

აღსანიშნია, რომ ერდოღანის არატრადიციულმა ეკონომიკურმა მიდგომამ, რომლის თანახმადაც, საპროცენტო განაკვეთების შემცირება ინფლაციასაც შეამცირებს, ბაზარზე ახალი რეგულაციებისა და ჩარევების საჭიროება გამოიწვია. ამან კი უარყოფითად იმოქმედა უცხოელ ინვესტორებზე, ასევე თურქული აქციებისა და ობლიგაციების ღირებულებაზეც.

უნდა ითქვას, რომ ლირას 2012 წლიდან მოყოლებული აქვს გაუფასურების ტენდენცია და მთავრობის ჩარევებმა ეს პროცესი ვერ შეაჩერა.

usdtry-cur-1685341469.png

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, ხმების 75.42%-ს შედეგად მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

საბჭოს ცნობით, ერდოღანი ხმების 53.41%-ით უსწრებს თავის ოპონენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომელსაც ხმების 46.59% აქვს.

კახი ჩაკვეტაძე