აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: ბელორუსი აჭარისთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრად მოიაზრება

ბელორუსი აჭარის რეგიონისათვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრად მოიაზრება.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მიმდინარე წლის აპრილის თვეში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბელორუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა Leisure 2015-ზე იყო წარდგენილი.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 4 დღის მანძილზე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სპეციალურად აღმართული სტენდი დამთვალიერებელთა სიმრავლით და ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.  "გამოფენის მსვლელობისას დეპარტამენტის სტენდთან სტუმრებს შეეძლოთ ღვინის და ხაჭაპურის დაგემოვნება, ასევე სპეციალურად მინსკის გამოფენისათვის შექმნილი ტრადიციული აჭარული სამოსის სტენდთან ფოტოების გადაღება. 10 აპრილს "ბელექსპოს" საგამოფენო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა პრეზენტაცია "აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის" შესახებ, რომელშიც ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობდნენ ბელორუსული ტუროპერატორი СТС ВОЯЖ და ტურისტული კომპანია CAPITAL GEORGIA TRAVEL -ის წარმომადგენლები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ბელორუსის რესპუბლიკაში გოჩა ჭელიძე და პირველი მდივანი ირაკლი მესხელი, ბელორუსის ეროვნული ტურისტული სააგენტოს დირექტორის მოადგილე სვეტლანა გავრილოვა, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები, 80-ზე მეტი ტუროპერატორი, ტურაგენტი და ჟურნალისტი", - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდა გათამაშება, რომელშიც გამარჯვებულს გადაეცა ქართული ღვინო და დაჯილდოვდა კომპანია СТС ВОЯЖ-ის ტრადიციული ქართული სუვენირებით და საქართველოში სამოგზაურო ტურით. გამოფენაზე აჭარის რეგიონით დაინტერესება გამოხატა როგორც საქართველოზე უკვე აქტიურად მომუშავე, ისე ახალმა ტურისტულმა სააგენტოებმა.

"ბელორუსი საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის უმნიშვნელოვანეს ტურისტული ბაზარს წარმოადგენს. 2014 წლის სტატისტიკური მონაცემებით, აჭარის სასტუმროებში ბელორუსი ტურისტების 53,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2015 წლის სეზონისათვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტემანტი მარკეტინგულ ღონისძიებებს კიდევ უფრო ააქტიურებს. 6 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით ბელორუსის ქალაქ მინსკში განხორციელდება გარე რეკლამა ქალაქის ცენტრალურ ადგილებში, მეტროში და რადიო რეკლამა 2 წამყვან რადიო სადგურზე. ამავდროულად, დაგეგმილია პრეს და ინფო ტურები", - ნათქვამია განცხადებაში.