ლიონში პარკირების გადასახადი მანქანის ზომისა და მარკის მიხედვით დაწესდება

საფრანგეთის ქალაქ ლიონში 2024 წლიდან პარკირების გადასახადი მანქანის ზომისა და მარკის მიხედვით დაწესდება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ქალაქის მერია იმედოვნებს, რომ შეამცირებს იმ მანქანების რაოდენობას, რომლებიც მეტ მავნე გამონაბოლქვს გამოიმუშავებენ.

ამჟამად ქალაქში პარკირება ყველა მანქანის მფლობელს თვეში 20 ევრო უჯდება. მომავალი წლიდან ლიონი სამ განსხვავებულ ფასს აწესებს. კერძოდ, მცირე ქალაქური მანქანებისთვის და ელექტრომობილებისთვის პარკირება 15 ევრო, სტანდარტული მანქანებისთვის 30 ევრო, ხოლო დიდი მანქანებისა და ჯიპებისთვის 45 ევრო ეღირება.

ევროკავშირში სითბური გაზების ემისიების მეოთხედი ტრანსპორტის წილია, რაშიც მანქანებს 70% უკავია. ლიონის ინიციატივა გამიზნულია, 2050 წლისთვის ევროპაში სითბური გაზების ემისიები ისე შემცირდეს, რომ ისინი მთლიანად ბუნებამ, კერძოდ, ხეებმა შთანთქას.

2035 წლისთვის ევროკავშირის ყველა ახალ ავტომობილს სითბური გაზების ნულოვანი გამონაბოლქვი უნდა ჰქონდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ემისიების მთლიანი რაოდენობა არ იქნება იმაზე მეტი, რისი შთანთქმაც ხეებს შეუძლიათ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ