ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ის მეცენატია - დავით კეზერაშვილი არის ოლიგარქი და ოლიგარქზე ბევრად უფრო მეტი, ის არის ჩვეულებრივი ყაჩაღი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის „სისხლიანი და შავი ფული“ ქართულ პოლიტიკაში იხარჯება, რაც არასწორი მოვლენაა და ამაზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სათანადო რეაგირება სჭირდებათ.
„ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, არამედ, ის არის მეცენატი. ის თავის დროზე ჩართული იყო პოლიტიკურ ცხოვრებაში და 2021 წლის იანვრიდან მოყოლებული, ის პოლიტიკურ პროცესებში აღარ არის ჩართული. უფრო მეტიც, მას მოსთხოვეს, ეს მან წერილით დაადასტურა, პოლიტიკაში შემობრუნება კონკრეტული მითითებების მისაცემად ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. ეს იყო პირიქით მოთხოვნა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართული არ არის. მეორე მხარეს არის დავით კეზერაშვილი, რომელიც არის ოლიგარქზე ბევრად უფრო მეტი. ის არის ყაჩაღი, მძარცველი. ის თავის დროზე ძარცვავდა ქართველ ბიზნესმენებს. „ბიზნესის რეკეტის“ სქემაში ადეიშვილთან, სააკაშვილთან ერთად ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებდა. შემდეგ მან გაძარცვა ქართული ჯარი და დღეს ის ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და ამის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს, რაც ჩვენთვის, უბრალოდ, გაუგებარია,“ - განაცხადა კობახიძემ.