რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“ - ანაკლიის პორტზე ეკონომიკის მინისტრთან სადეპუტატო შეკითხვა გავგზავნე, თუ იკადრა და თქვენც გცათ პატივი, მაგრამ ეკონომიკის მინისტრი არ გაფასებთ თქვენ, როგორც პარლამენტს

ეკონომიკის მინისტრთან სადეპუტატო შეკითხვა უკვე გავგზავნე. თუ იკადრა და თქვენც გცათ პატივი, იმიტომ, რომ ის საერთოდ არ სცემს პატივს, არც პარლამენტს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს - ეკონომიკის მინისტრი არ გაფასებთ თქვენ, როგორც პარლამენტს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, რომან გოცირიძე დაინტერესდა, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოხატა თუ არა ვინმემ ინტერესი და თუ არავის გამოუხატავს, იწყებს თუ არა ანაკლიის პორტის მშენებლობას საქართველოს მთავრობა, „როგორც დაგვპირდა, ბატონი ღარიბაშვილი?“

მისივე განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილმა სამივე ჰესის: ხუდონ ჰესის, ნენსკრა ჰესის და ნამახვან ჰესის მშენებლობის პირობა დადო.

„სამი მილიარდის ინვესტიციას ჩადებს თურმე მთავრობა მხოლოდ ამ სამ ჰესში, საიდანაც გააგდეს ინდოელი, თურქი და კორეელი ინვესტორები. თურქი იმიტომ, რომ ჩვენ ქართულ მიწას თურქებს როგორ ჩააძირვინებთო. ამ აქციის ჩუმი მხარდამჭერი იყო საქართველოს მთავრობა. ახლა ამბობენ, რომ ანაკლიას ჩვენ ავაშენებთო. რომელი სერიოზული ინვესტორი შემოვა, თორემ შესაძლებელია ისეთი ინვესტორები შემოვიდნენ ანაკლიაში, რომლებიც შემდეგ ორმაგად გაყიდიან ამ პროექტს და რუსეთს ჩაუვარდება ხელში. ვინ შემოვა საქართველოში, თუნდაც ხელისუფლების მიერ დაწყებული სამუშაოების შემდეგ, როდესაც არ ექნებათ საკონტროლო პაკეტი? არცერთი დასავლური, სერიოზული კომპანია ამ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის, მათი განაცხადების, მათ შორის პირდაპირ რუსეთთან დაახლოების შედეგად აქ არასდროს ერთ თეთრს არ ჩადებს ანაკლიაში. ვნახოთ, ერთი თვის მერე, 28 რიცხვში, რა კომპანიები იქნებიან. თუკი ვინმე იქნება შესაძლოა, ეს იყოს ჩინური ან არაბული კომპანიები, რომლებსაც დღეს უკრაინასთან რუსეთის ომის შემდეგ, რა პოზიციებიც უჭირავთ, ძალიან კარგად ვხედავთ და ფაქტობრივად, ეს კომპანიები, ალბათ, წავლენ დასავლეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მათ შორის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

გვინდა, კიდევ ერთხელ ვკითხოთ ეკონომიკის მინისტრს, რამდენი განაცხადი შემოვიდა 19 მაისი მდგომარეობით. ჩვენ გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია, რომ 30 აპრილის მდგომარეობით, არცერთი განაცხადი არ იყო შესული. ყველამ კარგად იცის, რომ ანაკლიის პროექტი გაჩერდა რუსეთის მოთხოვნით. გუშინწინ, ასევე მოვისმინეთ გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადება, რომ მისი ინფორმაციით, ანაკლიის პროექტი გააჩერეს რუსეთის ბრძანებით და ეს ინფორმაცია დამალული არ არის. მე უკვე გავგზავნე წერილი, სადეპუტატო შეკითხვა ეკონომიკის მინისტრთან, თუ უკადრა და თქვენც გცათ პატივი, იმიტომ, რომ ის საერთოდ არ სცემს პატივს არც პარლამენტს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს - პასუხს არასდროს იძლევა სტატისტიკის სამსახურისგან განსხვავებით, რომელსაც ერთი კვირის წინ წერილი დილით მივწერეთ და პასუხი საღამოს მოვიდა, მაგრამ ეკონომიკის მინისტრი არ გაფასებთ თქვენ, როგორც პარლამენტს,“ - მიმართა გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.