ნარეკვავის წყალსაცავს რეაბილიტაცია უტარდება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია რწყვის სეზონის პარალელურად, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციას აგრძელებს.

გაერთიანებული სამელიორაციო სისტემის კომპანიის ინფორმაციით, კომპანია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტში ნარეკვავის წყალსაცავის კაშხლის და კატასტროფული წყალსაგდების აღდგენა-რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებულია კაშხლის სადაწნეო ფერდის დაზიანებული უბნების აღდგენა; კატასტროფული წყალსაგდების თხემისა და დამეწყრილი კალაპოტის რეაბილიტაცია. დაგეგმილია ექსპლუატაციის სამსახურის შენობის, კაშხლის ქვედა ბიემთან მისასვლელი გზის და მექანიკური ნაწილის რეაბილიტაცია.

მიმდინარე სარეაბილიტაციო ღონისძებების განხორციელებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 7 სოფლის (მჭადიჯვარი, შუახევი, ლამოვანი, ციხედავი, წიწამურა, ძალისის ნაწილი, მუხრანის ნაწილი) 1 600 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება წყლის მიწოდება. აღნიშნული ფართობით დაახლოებით 3 000 მოსახლე ისარგებლებს. ნარეკვავის წყალსაცავის კაშხლის და კატასტროფული წყალსაგდების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულებაა 4 384 999 ლარი.

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია დღეისათვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში, ახორციელებს 3 პროექტს, ხოლო საქართველოს მასშტაბით 34 ობიექტზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო ღონისძიებები.