თურქმენეთმა TRACECA-ში გაწევრიანების პროცესი დაიწყო

თურქმენეთი TRACECA-ს წლის ბოლომდე შეუერთდება და ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ამის შესახებ სააგენტო Trend-ს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბატირ ანაევმა განუცხადა.

„ჩვენ ახლახან დავიწყეთ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი და TRACECA-სთან თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ - აცხადებს ანაევი.

მისი თქმით, TRACECA-ში გაწევრიანება ქვეყანას საშუალებას მისცემს, ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებს უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს.

მანამდე TRACECA-ს ყველა წევრმა ქვეყანამ თურქმენეთის წევრობაზე თანხმობა დაადასტურა. ორგანიზაციის ცნობით, კასპიისპირა ქვეყნებში ტრანზიტის პოტენციალი წელიწადში 700 000 კონტეინერზე მეტს შეადგენს.

TRACECA-ს სამდივნო აცხადებს, რომ ორგანიზაციაში თურქმენეთის გაწევრიანებას მიესალმება. კერძოდ, სამდივნოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „TRACECA-ს ძირითად მრავალმხრივ შეთანხმებასთან თურქმენეთის მიერთება დიდი ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტურად რეალიზებას განაპირობებს, ასევე, ბიძგს მისცემს მთელი ქვეყნის სატრანსპორტო სექტორის განვითარებას და დიდი აბრეშუმის გზის თანმიმდევრულ და აქტიურ აღორძინებას უზრუნველყოფს.“

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი, ანუ TRACECA (Transport Corridor Europe-Caucasus-Asia) ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამაა. ეს არის ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის ერთიანი სისტემა, რომელიც ამ რეგიონის სახელმწიფოთა შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობათა განვითარებას უზრუნველყოფს. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა. მალევე პროექტს უკრაინა, მოლდოვა და მონღოლეთი, ხოლო 2000 წელს თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი შეუერთდა, 2009 წელს კი - ირანი.

მართალია, TRACECA-ს შექმნაში თურქმენეთი მონაწილეობდა, მაგრამ ქვეყანა მასში არ გაწევრიანებულა და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საბაზისო მრავალმხრივ შეთანხმებას (MLA) ხელი არ მოაწერა. ამ შეთანხმებას 1998 წლის ზაფხულში კავკასიის, შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის თორმეტმა ქვეყანამ შეერთებული შტატების მხარდაჭერით მიაღწია, რომელიც, რუსეთის გვერდის ავლით, ჩინეთიდან და მონღოლეთიდან ევროპამდე სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო და საავტომობილო სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ითვალისწინებდა. 2001 წლის 21 თებერვალს, ბაქოში TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნო გაიხსნა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ