2024 წლიდან საუდის არაბეთში წყალბადზე მომუშავე ავტობუსები გამოჩნდება

საუდის არაბეთი მომავალი წლიდან წყალბადის საწვავის წარმოებას იწყებს ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის.

როგორც კომპანია NEOM Green Hydrogen-ის აღმასრულებელი დირექტორი, დეივ ედმონსონი ამბობს, ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის წყალბადის წარმოება 2024 წლის შუა რიცხვებში დაიწყება.

ამ თვის დასაწყისში კომპანიაში თქვეს ისიც, რომ ამბიციების განსახორციელებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა წინ, რაც გულისხმობს მსოფლიოში მწვანე წყალბადის უდიდესი საწარმოო ქარხნის აშენებას, რომელსაც სულ 8.4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დასჭირდება.

ქარხანა გააერთიანებს 4 გიგავატამდე მზისა და ქარის ენერგიას, რათა 2026 წლის ბოლოსთვის დღეში 600 ტონამდე უნახშირბადო წყალბადი გამოიმუშაოს, რომლის უმეტესი ნაწილიც ექსპორტზე გავა.

თუმცა ეს ყველაფერი არაა, კომპანია კიდევ ერთ მწვანე წყალბადის ქარხანას საუდის არაბეთში 2028 ან 2029 წელს ააშენებს.

უნდა ითქვას, რომ წყალბადი კვლავ ძვირადღირებული ალტერნატივაა წიაღისეული საწვავისა, მაგრამ დეივ ედმონსონის თანახმად, მთავრობის კორპორატიული პოლიტიკა ეხმარება მწვანე ალტერნატივებზე მოთხოვნის გამყარებას.

აღსანიშნია ისიც, რომ მსოფლიოში წყალბადის მრავალი პროექტი განიხილება, მაგრამ მათგან ძალიან ცოტამ მოახერხა დაფინანსების მოპოვება და მშენებლობის დაწყება. თუმცა, როგორც ჩანს, ეს დილემა ყველას ერთნაირად ვერ უშლის ხელს.

კახი ჩაკვეტაძე