უკრაინულმა კერძო კომპანიებმა ქვეყნის თავდაცვაზე მთლიანობაში 484,7 მლნ დოლარის შემოწირულობა გაიღეს

უკრაინულმა გამოცემა New Voice-მა (NV) სრულმასშტაბიანი ომის ერთი წლის განმავლობაში კერძო კომპანიების მხრიდან უკრაინის თავდაცვისთვის გაღებული შემოწირულობების ანგარიში გამოაქვეყნა.

ხუთეულში მოხვდნენ კომპანიები, Metinvest, Roshen და Vodafone, ასევე, Kernel და GlobalLogic Ukraine.

ანგარიშში წერია, რომ კერძო კომპანიებს შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე გულუხვი დონორი Metinvest-ია. შემომწირველი რინატ ახმეტოვია. კომპანიის შემოწირულობებმა 3,3 მლრდ გრივნა (89,4 მლნ დოლარი) შეადგინა. მეორე ადგილზე 1,8 მლრდ გრივნით (48,7 მლნ დოლარით) Roshen-ია. შემომწირველი პოროშენკოს ოჯახია, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა Vodafone-მა ქვეყნის თავდაცვას 1,3 მლრდ გრივნა (35,2 მლნ დოლარი) შესწირა.

გამოცემის ცნობით, საერთო ჯამში კომპანიებმა უკრაინელი ჯარისკაცების დასახმარებლად 17,9 მლრდ გრივნა (484,7 მლნ დოლარი) გაიღეს.

წამყვან შემომწირველ კომპანიებში, ასევე, შევიდნენ: Ferrexpo (მფლობელი, კონსტანტინე ჟივაგო) - 561 მლნ გრივნით (15,2 მლნ დოლარით), გენადი ბუტკევიჩი ATB –200 მლნ გრივნით (5,4 მლნ დოლარით) და უკრაინის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე გერეგას და მისი მეუღლის, გალინას მფლობელობაში არსებული კომპანია, „ეპიცენტრი“ - 134 მლნ გრივნით (3,6 მლნ დოლარით).

მოამზადა ლადო სულაბერიძემ