სლოვაკეთის ელჩი საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა

სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა და ფონდის საქმიანობასა და პრიორიტეტული სექტორების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, რუდოლფ მიხალკამ აღნიშნა, რომ სლოვაკ ინვესტორებს საქართველოს ბიზნესგარემო აინტერესებთ და სურთ, კონკრეტული პროექტების შესახებ მიიღონ ინფორმაცია, რათა შემდეგ უკვე იმსჯელონ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ სლოვაკ ინვესტორებთან სათანამშრომლოდ მზადყოფნა გამოთქვა და მათ ფონდის მიერ ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სექტორებში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული პროექტები გააცნო.

"ჩვენს ფონდს სლოვაკებთან თანამშრომლობის ერთი კარგი მაგალითი უკვე აქვს. საუბარია ახალციხეში განხორციელებულ პროექტზე, რომელიც 2013 წელს, ჩვენ ადგილობრივ პარტნიორთან ერთად განვახორციელეთ. ესაა "ჯინო ველნესი" - სასტუმროს პროექტი, რომლის საინვესტიციო მოცულობა 5 მლნ აშშ დოლარი იყო. სასტუმროს გახსნის შემდეგ სლოვაკურმა "ექსიმბანკმა" ამ პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატა და მან საპარტნიორო ფონდი ჩაანაცვლა, როგორც პროექტის პარტნიორმა", - განაცხადა კოვზანაძემ.