რუსეთთან ეკონომიკური დისტანცირებით მივიღებთ მოკლევადიან შოკს, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გაცილებით მეტ სარგებელს, ვიდრე ზიანს - მიხეილ კუკავა

დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ? - ამ სათაურით გამოაქვეყნა კვლევა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI).

კვლევა დეტალურად პასუხობს, როგორ შეუძლია ქვეყანას ეკონომიკის დივერსიფიცირება და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, IDFI-ს ეკონომიკური და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ კუკავა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ამბობს, რომ მთავარი ამ გზაზე სახელმწიფოს ხედვა და ტექნიკური მექანიზმებით ბიზნესის დახმარებაა.

„დაინგრევა თუ არა ქვეყანა, რუსეთთან ორმხრივი სანქციების შემთხვევაში, ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ცალსახად ჩანს, რომ არა. ქვეყანა მიიღებს მოკლევადიან შოკს, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მივიღებთ გაცილებით მეტ სარგებელს, ვიდრე ზიანს რუსეთთან ეკონომიკური დისტანცირებით.

ჩვენ გვჭირდება დივერსიფიცირება. გასაგებია, რომ მოკლევადიანი შოკის გარეშე ეს შეუძლებელია. ერთხელ 2005 წელს ქართულმა ეკონომიკამ ეს შოკი უკვე გადაიტანა, რუსული ემბარგოს და პერიოდული ჩაკეტვის გამო. მოკლევადიანი შოკი ნამდვილად ნიშნავს, რომ ძვირდება საქონელი, რომელიც აქამდე, გაცილებით ნაკლებ ფასად შემოგვქონდა. ამ ნაწილში, ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რა შემოიტანოს და საიდან, მაგრამ სწორედ აქ არის სახელმწიფოს ტექნიკური დახმარების და ხედვის როლი, რომ ბიზნესმა ალტერნატიული ბაზრის ათვისება მოახდინოს, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მიმართულებით.

აშშ-თან ჩვენ გვაქვს პრეფერენციული ვაჭრობის რეჟიმი, რაც საკმაოდ ახლოა თავისუფალ ვაჭრობასთან. ევროკავშირთან კი, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ისევე როგორც სხვა, დიდ ბაზრებთან. მაგალითად, თურქეთსა და ჩინეთთან. რაც შეეხება იმას, რომ ვინმემ მოგვაწოდოს პროდუქტები, რასაც სანქციების და ეკონომიკური კავშირის გაწყვეტის შედეგად ვერ მივიღებთ, წარმოუდგენელია. ევროკავშირი ვერაფერს დაგვისუბსიდირებს. ჩვენ კანდიდატის სტატუსიც კი არ გვაქვს. ამიტომ, ეს რეალობისგან ძალიან შორს არის", - განაცხადა მიხეილ კუკავამ „საქმეში".

თამარ მუკბანიანი